გიორგი მარგველაშვილმა ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღო
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრს, არქიეპისკოპოს დომინიკ მამბერტს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ყურადღება ვატიკანსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობის თაობაზე გაამახვილეს.
გიორგი მარგველაშვილმა ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისთვის. მხარეებმა ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ქრისტიანული ძეგლების საკითხი განიხილეს. როგორც ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრისას აღნიშნა, ვატიკანი დიდად აფასებს საქართველოსთან მეგობრულ ურთიერთობას და კვლავაც განაგრძობს მის მხარდაჭერას. შეხვედრის დასასრულს, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში რომის პაპი ფრანსისკო პირველი მოიპატიჟა.