რატომ გადაწყვიტა დაქორწინება გიორგი მარგველაშვილმა?

პოლიტიკურ კონიუნქტურაზე აგებული ქორწინებები საქართველოს ისტორიისთვის უცხო არ გახლავთ. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ის აჟიოტაჟი, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ ანა და დავით ბაგრატიონების შეუღლებას მოჰყვა.
მაშინ ითქვა, რომ რეალურად წყვილს ერთმანეთი არ უყვარდა და ქორწინება მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტეს, რომ ბაგრატიონთა ორ შტოს კანონიერი მემკვიდრე გაეზარდა ჯერ არარსებული სამეფო ტახტისთვის. პოლიტიკურ მოტივებზე შექმნილ სამეფო ოჯახში სიტუაცია მალევე აირია, დავითი და ანა ჯერ დაშორნენ, შემდეგ ისევ შეარიგეს და ახლაც გაურკვეველია, მათი სამომავლო ურთიერთობა, თუმცა ამ ქორწინების სულისჩამდგმელთა მიზანი მიღწეულია – ნებით თუ უნებლიეთ, ბაგრატიონებს უკვე ჰყავთ მემკვიდრე, პატარა გიორგის სახით, რომელიც მონარქიის აღდგენის შემთხვევაში, შესაძლოა, მეფედ აკურთხონ. ეს, ალბათ, უფრო შორეული პერსპექტივაა, ან მავანთა ოცნება…
აი, გიორგი მარგველაშვილის ქორწინება კი უკვე რეალობაა… პრეზიდენტმა მის მეგობარ ქალბატონზე გასულ კვირას ოფიციალურად იქორწინა. საქორწინო ცერემონიამ მედიისგან დახურულად, ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე ჩაიარა… ღონისძიებას არ დასწრებიან არც მაღალი რანგის სტუმრები, არც პოლიტიკოსები და არც სხვა გავლენიანი პირები, მათ შორის არც ბიძინა ივანიშვილი. პრეზიდენტმა საყვარელ ქალზე დუშეთში იქორწინა. წყვილის ხელისმომკიდეები კი მათივე შვილები – ანა მარგველაშვილი და მაშო ჩიჩუა გახლდნენ. მალე მათ საერთო შვილიც შეეძინებათ.
ეს ქორწინება ბაგრატიონთა შორსმიმავალი გეგმებისგან ნამდვილად განსხვავდება, თუმცა პოლიტიკური სარჩული ამ შემთხვევაშიც გამოძებნეს… რატომ იქორწინა პრეზიდენტმა მაინცდამაინც ახლა და არა აქამდე? ხომ არ მისცა ამას ბიძგი ბოლო პერიოდში ბიძინა ივანიშვილთან გართულებულმა ურთიერთობამ, რომელმაც ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნამდე განაცხადა, რომ პირველი ლედი სწორედ ღარიბაშვილის მეუღლე – ნუნუკა თამაზაშვილი იქნებოდა. მაშინ იურისტების ნაწილი ამტკიცებდა, რომ საქართველოს კონსტიტუციით სახელმწიფოს მეთაური ისევ პრეზიდენტია და, შესაბამისად, პირველი ლედის სტატუსითაც გიორგი მარგველაშვილის მეგობარი – მაკა ჩიჩუა უნდა სარგებლობდეს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ კი აღნიშნა, რომ პირველი ლედის სტატუსი მოქმედებს საპრეზიდენტო მმართველობის დროს, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ, ამ ქვეყანას პირველი ლედი არ ჰყავს.
როგორც ჩანს, ამ ქორწინებით მარგველაშვილი შეეცადა, არსებული გაუგებრობისთვის წერტილი დაესვა და ბიძინა ივანიშვილს მიანიშნა, ვინ იქნება ქვეყანაში პირველი ლედი. ამ ვერსიას თუ გავყვებით, პოლიტიკა პირდაპირ აისახა პრეზიდენტის პირად ცხოვრებაზე, არადა ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი, „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობდა:
„ჩემი აზრით, ნებისმიერმა ადამიანმა, რომლისთვისაც სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკა, არ შეიძლება ჩააყენოს ურთიერთობა პოლიტიკური მიზნების სამსახურში. ჩემი აზრით, სიყვარული არ უნდა ემსახურებოდეს, არც პოლიტიკას და მით უმეტეს, არც პიარს“.
სანამ მაკა ჩიჩუა პრეზიდენტთან ოფიციალურ ქორწინებას გააფორმებდა, გაეროს გენერალური ასამბლეიდან პირველი ლედის სტატუსით მოსაწვევი უკვე მიღებული ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლეს. ნუნუკა თამაზაშვილი ნიუ-იორკში საქართველოს დელეგაციასთან ერთად გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს პირველი ქალბატონების კონფერენციაში. ნუნუკა თამაზაშვილი, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მიწვეულია კონფერენციაზე „First Ladies’ Global Call to Action Conference on Women and Girls’ Financial Health“.
ნუნუკა თამაზაშვილისგან განსხვავებით, მოსაწვევი არ მიუღია მაკა ჩიჩუას. ეს ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგვიდასტურეს, სადაც განმარტეს, რომ სახელობითი მოსაწვევი მხოლოდ გიორგი მარგველაშვილის სახელზეა გამოგზავნილი, რომელიც უნდა დასწრებოდა გაეროს 69-ე სესიის ფარგლებში დაგეგმილ კლიმატის ცვლილებების კონფერენციას.
სხვათა შორის, ამ კონფერენციის მნიშვნელობაზე ბოლო ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმაც ისაუბრა, რომელმაც მარგველაშვილი მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ თავისი ქმედებებით პრეზიდენტი ცდილობს, ხელი შეუშალოს მთავრობის მუშაობას.
„ვნახეთ სია, ვინ ჩავა და გაეროს სხდომას ვინ დაესწრება საპარლამენტო რესპუბლიკებიდან. როგორც წესი, იქ პრემიერები იქნებიან წარმოდგენილები. კითხვა არ არსებობს. ისევ მიდის თანაბარი შედარება და ფონი უფრო მეტად ისეთია, თითქოს აშავებს პრემიერი და ჩაგრავს პრეზიდენტს. ამ დროს კი ორჯერ ორი ოთხია – რა თქმა უნდა, იქ წავა მერკელი, რა თქმა უნდა, იქ წავა ნეთანიაჰუ, რა თქმა უნდა, იქ წავა ინგლისის პრემიერი და ა.შ – შეიძლება მხოლოდ ერთი ორი გამონაკლისი იყოს, როცა პრემიერმა ვერ მოიცალა და ეს უფლება პრეზიდენტს გადასცა. ასეთია კონსტიტუცია საპარლამენტო რესპუბლიკაში. ის შეხვედრა, საიდანაც მან მოწვევა მიიღო, დაბალი დონის შეხვედრაა. სხვათა შორის, კლიმატის გაუმჯობესების სამიტზე შარშან ფანჯიკიძე იყო მიწვეული, თუმცა წასვლა მასაც არ ნდომებია – ზალკალიანი უნდა წასულიყო, თუმცა, საბოლოოდ, ფანჯიკიძე წავიდა, იმიტომ რომ სხვა საქმეებიც ჰქონდა, მაგრამ არავის უფიქრია, ჩემთვის ეთქვა, ან პრეზიდენტი წასულიყო. ეს არის რეალობა“, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
საბოლოოდ ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც ბიძინა ივანიშვილს მიაჩნდა სწორად. გაეროში არც პრეზიდენტი გაემგზავრება და მით უმეტეს, არც მისი მეუღლე. 26 სექტემბერს ნიუ-იორკში 69-ე სესიაზე სიტყვით გამოვა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, ნუნუკა თამაზაშვილი კი, როგორც უკვე გითხარით, პირველი ქალბატონების საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
მარგველაშვილმა ამჯერად უკან დაიხია, თუმცა, სავარაუდოდ, მისი პოლიტიკა მთავრობის მიმართ კიდევ უფრო ხისტი გახდება. ამას მოწმობს პრეზიდენტის ის განცხადება, რომელიც მისი ვიზიტის ჩაშლას შეეხებოდა.
„თუ ჩვენ წავალთ ამ გზით და შევეცდებით, მონოპოლიზაცია განვახორციელოთ რომელიმე ინსტიტუტში, იმას მივიღებთ, რაც არ მოგვწონდა სააკაშვილის ხელისუფლებაში“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
დაბოლოს, ერთი დეტალიც. ..მარგველაშვილი ვერ წავიდა გაეროს 69-ე სესიაზე. სამაგიეროდ, ჰყავს ოფიციალური, რიგით მესამე მეუღლე.

P.S. საქართველოს პრეზიდენტს ვულოცავთ ოფიციალურ ქორწინებას, პრემიერ-მინისტრს კი გაეროში წარმატებულ ვიზიტს ვუსურვებთ.

წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები