ამბავი სიკვდილის შემდეგ „გადარჩენილ“ ჟანნა დ’არკზე
1437 წლის 9 აგვისტოს, ქალაქ ორლეანის საქმისმწარმოებლის ჟურნალში ჩანაწერია: მალემსრბოლელს მივეცი 2 ოქრო ჟანნა ქალწულისთვის საიდუმლო წერილის მიტანის საფასურად.
ამავე წლის 21 აგვისტოს ჟანნა დ’არკის ძმა მეფე შარლ მეშვიდეს ესტუმრა, რისთვისაც სახელმწიფო ხაზინამ “მისი მოგზაურობისთვის უდიდებულესობასთან და უკან, დასთან” მიიღო გარკვეული ანაზღაურება.
25 აგვისტოდან 11 სექტემბრამდე მეფე პერმანენტულად იღებდა წერილებს “ორლეანელი ქალწულისგან” (საარქივო დოკუმენტებში დაცულია ეს მასალა). წერილების ავთენტიკურობას ვეღარავინ დაადასტურებს, მაგრამ ფაქტად კი არის.
ორლეანის კანტორის ჩანაწერებში, 1490 წლის 27 ივლისს, მოიხსენიება პატივსაცემი ადამიანის ვიზიტი. არქივარიუსი მას ასე მოიხსნიებს: “პატივცემული ჟანნა დეზარმუაზი”. ამ ქალბატონის სტუმრობა 28 აგვისტოდან 1-ელ სექტემბრამდე ქალაქმა იდღესასწაულა (დეტალურადაა აღწერილი რამდენი საკლავი დაიკლა და რამდენი ღვინო დაილია).
“ჟანნა დეზარმუაზი” დაბინავდა ჟანნა დ’არკის მეგობარ ჟევანონ დე ბურჟესთან. მოქალაქეებმა პატივსაცემ სტუმარს “ალყის დროს გამოჩენილი სიმამაცისთვის” საკმაოდ მოზრდილი ფულადი საჩუქარი გადასცეს. (რამდენი ჟანა იბრძოდა ინგლისელებთან, კაცმა არ იცის).
ამ პერიოდის ქრონიკებში, ჟანნა დ’არკის სახელი რამდენიმე მანუსკრიპტში ფიგურირებს. მათგან ყველაზე საინტერესოა ლუქსემბურგთან ახლოს მდებარე ქალაქ ტრიონვილის დეკანის სენ ტიბუ 2 ერთმანეთისგან განსხვავებული წერილი: ა) “გვესტუმრა ჩვენი ქვეყნის ღირსება ჟანნა დ’არკი” და 2 დღეშ მისივე დაწერილი: “გვესტუმრა ახალგაზრდა ქალი, ვინც ამბობს, რომ ჟანნა დ’არკია” (მოარული ლეგენდის მიხედვით, ჟანნა მეზობელ ქვეყანაში ცხოვრობდა).
1440 წლამდე, ჟანნას სახელი მეზობელ ქვეყნებშიც მოიხსენიება: ქალაქ კიოლნში, ის (თითქოსდა) ჩაერია ადგილობრივი ეპისკოპოსის არჩევნებში, სადაც მხარე დაიჭირა 2 კანდიდატიდან ერთის სასარგებლოდ.
ჟანნა მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესებშიც. ის თან ჩანდა და თან კონკრეტულად – არსად.
არაფერი გასაკვირი ამ ამბებში არ იქნებოდა, რომ არა ერთი ნიუანსი: ოფიციალურად, ჟანნა დ’არკი 1431 წლის 30 მაისს ის კოცონზე დაწვეს.
ისტორიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ წერილებში და წყაროებში მოხსენიებული ქალი ცრუჟანნაა, რომელიც ერთი ვერსიით გაურიგდა ნამდვილი ჟანნა დ’არკის ძმებს (ისინი ამოწმებდნენ მის ნამდვილობას) და ამით ფულს შოულობდა და მეორე, რომ არსებობდა რამდენიმე ავანტიურისტი ქალი, რომელიც ლეგენდის მითვისებას ცდილობდა.
მართლაც, უკვე 1450 წლისთვის, საფრანგეთის მიწაზე 14 ჟანნა დ’არკი დადიოდა.
რუანის ეპისკოპოსი ყველგან ამტკიცებდა, რომ არავითარი ცოცხალი ან მკვდრეთით აღმდგარი ჟანნა დ’არკი არ არსებობს და რომ პირადად ნახა ქალის ძვლები.
ფაქტია, რომ 1456 წელს, 7 ივლისს, 25 წლის თავზე, ორლეანელი ქალწული წმინდანად შერაცხა კათოლიკურმა ეკლესიამ.
კაცმა არ იცის რა დგას ხოლმე ასეთი გადაწყვეტილებების უკან – ღვთის ნება თუ პოლიტიკური შორსმჭვრეტელობა ან ბიზნესი: ჟანნას პატივსაცემად აგებულ პირველივე ტაძარში, მომლოცველთა რიგი 2 წელი არ წყდებოდა.
გურამ მეგრელიშვილი