სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის შედეგები შეაფასა და მომავალი წლის პრიორიტეტები განსაზღვრა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ, მოადგილეებთან – გიორგი კვარაცხელიასთან და ნათია სონღულაშვილთან, ასევე საგამოძიებო დეპარტამენტის დანაყოფის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე, საგამოძიებო სამსახურის მუშაობის შედეგები შეაფასა, მომავალი წლის პრიორიტეტული მიმართულებები განსაზღვრა და მათ შესასრულებლად შესაბამისი დავალებები გასცა.

მიმდინარე წელს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 2779 შეტყობინებაზე მოახდინეს რეაგირება, კონსულტაცია გაუწიეს და გაესაუბრნენ 1725 მოქალაქეს. გამოძიება 474 საქმეზე დაიწყო. მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში 401 განმცხადებელს საქმის მასალების გაცნობა შეეთავაზა, მათგან ამ უფლებით 181-მა მოქალაქემ ისარგებლა. სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, სამსახურის მიერ 50 ოფიციალური განცხადება გავრცელდა. სამსახურმა ამოქმედებიდან დღემდე, დანაშაულში 169 პირი ამხილა, მათ შორის, 67 სამართალდამცავი.

,,მიმდინარე წელს, ჩვენი გამომძიებლები, ოპერატიული თანამშრომლები და მრჩევლები ათასობით მოქალაქეს კონსულტაციის და მათთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით შეხვდნენ. საგამოძიებო დანაყოფები გამჭვირვალე გამოძიებით და მაღალი სტანდარტით დაზარალებული მოქალაქეების უფლებებს ასობით სისხლის სამართლის საქმეში იცავდნენ, 169 პირი კი დანაშაულში ამხილეს. მინდა, თითოეულ თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი მაღალი პასუხისმგებლობის და თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა ვუთხრა.” – განაცხადა კოკა კაციტაძემ.

სამსახურის უფროსმა შეხვედრაზე 2024 წლის პრიორიტეტული მიმართულებები გამოყო და ხაზგასმით აღნიშნა სამსახურის ფუნქციური დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხორციელების მნიშვნელობა. ამ მიზნით სამსახური მზადყოფნას გამოთქვას, 18 დეკემბერს გამოქვეყნებული რეკომენდაციების შესასრულებლად, ინკლუზიური პროცესის გზით ყველა კომპეტენტურ, უფლებამოსილ უწყებასთან და დაინტერესებულ მხარესთან ითანამშრომლოს, როგორც ეს ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესასრულებლად განხორციელდა. კერძოდ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პარლამენტთან ნაყოფიერი თანამშრომლობით, საკანონმდებლო გზით სამსახურს არაერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია მიენიჭა და მისი დამოუკიდებლობის კომპონენტი გაიზარდა. მათ შორის, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხელახალი გამოძიების ჩატარების უფლება მიენიჭა.

სამსახურს სამართალდამცავების მიერ მტკიცებულების ფალსიფიკაციის, უკანონო დაკავების, სამსახურებრივი სიყალბის და სხვა სამოხელეო დანაშაულების გამოძიების ფუნქცია გადაეცა.

სამსახურის უფროსს უფლებამოსილება მიენიჭა, სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელად, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირების მიზნით, შესაბამის კომიტეტში მოსმენის ჩანიშვნა მოითხოვოს.

მომდევნო წლისთვის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება სამოხელეო დანაშაულის პრევენცია იქნება. ამ მიზნით, 2022 წელს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით და უწყებებს შორის გაფორმებული მემორანდუმით სამოხელეო დანაშაულის პრევენციის საბჭო შეიქმნა, რომელიც გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურს აერთიანებს. საბჭო მნიშვნელოვან როლს ასრულებს არასათანადო მოპყრობის დანაშაულის პრევენციის მიმართულებით.

შეხვედრაზე, საგამოძიებო დანაყოფისა და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელებს, პარლამენტისთვის წარსადგენი წლიური ანგარიშის მოსამზადებლად მითითება მიეცათ, იდენტიფიცირება მოახდინონ ყველა იმ ხარვეზის, ტენდენციისა და პრობლემური საკითხის, რომელიც სამართალდამცავთა საქმიანობაში ვლინდება და გამოძიების დროულობასა და ეფექტურობას აფერხებს. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე სამსახურის მიერ პარლამენტში გასაგზავნი რეკომენდაციები შემუშავდება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მომავალი წლის პრიორიტეტულ მიმართულებებად, ასევე, გამჭვირვალე და მსხვერპლთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებული პროექტების გაგრძელება დასახელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები