,,მინდა გავაფერადო თბილისი“
მდიდრული დახვეწილობა და ფერთა თვალისმომჭრელი სიმრავლე… მაია მიქაშავიძის სამკაულების მიმართ შეიძლება უამრავი ეპითეტი იპოვო, ორი სიტყვით კი ეს უბრალოდ – ხელნაკეთი მშვენიერებაა, რომელიც, ხელოვანის თქმით, თავისით, მისგან დამოუკიდებლად იქმნება, მისი ხელები მხოლოდ ინსტრუმენტია, რომელსაც სხვა მართავს…
– როდის გახდა მაია მიქაშავიძე ბრენდი, როდის მოვიდა წარმატება?
– პირველივე გამოფენა წარმატებული იყო… ეს იყო 7 წლის წინ, როდესაც გავბედე და ფართო აუდიტორიას წარვუდგინე ჩემი ხელნაკეთი ნივთები. სულ მსურდა, საკუთარი გემოვნებით და ფანტაზიით რაღაც შემექმნა, მაგრამ არასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ნახელავით დამშვენდებოდა უამრავი ქალბატონი… ამ დღიდან აღარ შემიცვლია აზრი, გავთამამდი და დღემდე ვაგრძელებ ამ მშვენიერ ქმნილებებთან ურთიერთობას.
ვფიქრობ, რომ საკმაოდ სწრაფად მივაღწიე წარმატებას, ამის დამადასტურებელია ჩემი გამოფენები და პრეზენტაციები ევროპაში, უკრაინაში… კარგად მახსენდება პარიზი, ჰააგა, ვენა და კიდევ მრავალი წარმატებული დღე საქართველოში… ტელესერიალი ,, გოგონა გარეუბნიდან“, სადაც მარინა კახიანს ყველა სერიაში ამშვენებდა ჩემი ნაკეთობები, არ შემიძლია არ გამოვხატო მადლიერება „ტელეიმედის“ მიმართ, ყველაზე მეტად ამ სერიალისა და, აგრეთვე „ჯეოსტარის“ შედეგად გამიცნო ქართველმა მაყურებელმა.
– მუშაობის პროცესზე მოგვიყევით, წინასწარ გაქვთ ყველაფერი მოფიქრებული, თუ პროცესის დროს იცვლება რაიმე?
– გამუდმებით ვაკეთებ, საერთოდ არ ვჩერდები, მუზების მუდმივ ტყვეობაში ვარ. თითქოს დაფრინავენ ჩემს ირგვლივ… ვრწმუნდები, რომ ეს პროცესი არაამქვეყნიურია, რასაც არ უნდა ვაკეთებდე. ჩემს წინ ფერადი მძივები თავისთავად პოულობენ თავიანთ ადგილს და საოცრებები იქმნება… ვანებებ თავს ყველაფერს და ვიწყებ მუშაობას, დაუფიქრებლად და, რაც მთავარია, საოცარი სისწრაფით ვაწყობ სამკაულს, არასდროს ვშლი და არასდროს ვფიქრობ, სად, რა და როგორ. თავისთავად იქმნება, ერთმანეთისგან განსხვავებული მშვენიერება, ხშირად ვფიქრობ… ამას ღმერთი აკეთებს, უბრალოდ ჩემი ხელებით.
– მუშაობის დასრულებისას რას გრძნობთ, ყოველთვის კმაყოფილი ხართ, თუ დაუკმაყოფილებლობის განცდაც გაქვთ?
– გულახდილი ვიქნები, როდესაც ვასრულებ მუშაობას, შედეგი ისე მომწონს, რომ აღფრთოვანებაში მოვდივარ (იცინის). თან საკუთარ თავს ვაქებ, ყოჩაღ მაია! თან მეცინება.
– თქვენთვის, როგორც შემოქმედისთვის ყველაზე სასიამოვნო კომპლიმენტი?
– ყველაზე სასიამოვნო კომპლიმენტია, როცა ქუჩაში მაჩერებენ და მეკითხებიან, ეს საყურე მაია მიქაშავიძისაა, ხო? მსგავსი სიტუაცია ხშირად მქონია, რაც იმას ნიშნავს, რომ ცნობენ ჩემს ხელწერას… ეს საამაყო და სასიხარულოა.
– შეკვეთებს თუ იღებთ და რამდენად ითვალისწინებთ დამკვეთის სურვილს მუშაობის პროცესში?
– არავითარი შეკვეთა (იცინის). მომიტევეთ, ცოტა ამბიციურად გიპასუხებთ: მე ხელოვანი ვარ და არა ხელოსანი, ჩემზე კარგი დიზაინი ვინ უნდა შემომთავაზოს? ვერც გადმოსცემს იმას, რაც სურს… მე უამრავი სამკაული მაქვს, არჩევანი დიდია… თუ ვერ ამოარჩევს, ე.ი. მას არ სჭირდება ჩემი სამკაული. ერთადერთი, რაც შემიძლია გავითვალისწინო, ეს არის ფერები, ეს, მართლაც, გემოვნების ამბავია.
– საყვარელი საქმის გარდა, კიდევ რა არის თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი?
– საყვარელი საქმის გარდა, ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ადგილი ჩემს ცხოვრებაში ჩემს შვილიშვილებს უკავიათ, მათზე ზრუნვა და მათი კეთილდღეობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის… რაც შემეხება პირადად მე, მხოლოდ ერთი საფიქრალი მაქვს ცხოვრებაში, მინდა სწორად ვიცხოვრო. შეუცდომლად ვერავინ იცხოვრებს, მაგრამ უნდა ეცადო, არ დაუშვა, ან თუ დაუშვებ, უნდა შეძლო, აღიარო და ეცადო გამოასწორო…
– თქვენი აზრით, რა არის თქვენი სავიზიტო ბარათი საიუველირო საქმეში, ხელწერა, რომლითაც თქვენი ნამუშევარი სხვებისგან განსხვავდება?
– ჩემი სავიზიტო ბარათი ფერთა სიუხვეა, ესაა ჩემი ხელწერა… ჩემი სლოგანიც ესაა: ,,მინდა გავაფერადო თბილისი“, ვცდილობ და მგონი მივაღწიე ცოტათო, გავხადე შავი სამოსი ქალებს, ავაჭრელე და გავაფერადე (იცინის).
– იუველირის პროფესია რომ არ აგერჩიათ, რა საქმეს მოკიდებდით ხელს, რა არის თქვენთან კიდევ ახლოს?
– მრავალი განხრით და მიმართულებით მიმუშავია, ყველგან წარმატებული ვიყავი, არასდროს ვჩერდები… მაქვს გამძაფრებული პასუხისმგებლობის გრძნობა ყველაფრის მიმართ, რასაც ვაკეთებ, ამიტომ გამომდის, ალბათ, კარგად (იცინის)… მიმუშავია მასწავლებლად, მქონდა საკუთარი ბიზნესი, სამკაულმა ყველაფერი დამავიწყა… საიუველირო საქმე რომ არა, სიამოვნებით ვიქნებოდი საბავშვო ბაღის გამგე (ბავშვები ძალიან მიყვარს), ან არტ კაფეს, გალერეის მენეჯერი… ვფიქრობ, ექიმიც კარგი ვიქნებოდი.
– ორიოდე სიტყვით მოგვიყევით მასალის შესახებ, რომელსაც თქვენი ნაკეთობების დასამზადებლად იყენებთ…
– თავიდან ძვირფას მასალას არ ვიყენებდი, ალბათ, ამის გამო შედეგი არ იყო ჩემთვის დამაკმაყოფილებელი, ამიტომ გადავწყვიტე, სამკაულებში მხოლოდ ნატურალური ქვები გამომეყენებინა, რამაც გაამართლა კიდეც. ვყიდულობ საზღვარგარეთ – ევროპაში, დუბაიში, კიევშიც კარგი მასალა ვიშოვე. მსიამოვნებს, როდესაც კაშკაშა სვაროვსკის კრისტალებს ვურთავ ნახევრად ძვირფას ქვებს, ეფექტურია და უდაოდ დიდი პოზიტივი მოაქვთ. საერთოდ, მჯერა და მწამს, რომ ნატურალურ ქვებს დიდი ძალა აქვთ, რაც ჩემი სახლი ამ ქვებით აივსო, ვგრძნობ, როგორ კარგად მიდის ჩემი საქმე, ცხოვრება, მაქვს კარგი შემოსავალი, მუდამ კარგ ხასიათზე ვარ, ენერგიული გავხდი, თქვენ წარმოიდგინეთ, უფრო გულწრფელიც… ეს სიმართლეა, მათ, მართლაც, საოცარი ძალა აქვთ…
– გიჭირთ თუ არა საკუთარ ნაკეთობებთან განშორება?
– ზოგი სამკაული ისეთი განსაკუთრებული გამოდის, ვერ ველევი, უკვე საკმაოდ დამიგროვდა სანუკვარი ნივთები, მათთვის ცალკე ზარდახშა მაქვს. დღესაც ბოდიშის მოხდა მომიწია ქალბატონისთვის, შევპირდი მძივს და აღარ მივეცი, ვერ გავიმეტე (იცინის).
– ნებისმიერი შემოქმედისთვის, განწყობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან ის პირდაპირ აისახება მათ ქმნილებაში. ზოგი ახერხებს მუშაობის პროცესში მართოს საკუთარი განწყობა, ანუ ნეგატიური შეცვალოს პოზიტიურით. თქვენს შემთხვევაში როგორ არის საქმე?
– რაც შეეხება განწყობას, ბუნებრივია, როგორც ყველა, არც მე ვარ ყოველთვის კარგ გუნებაზე, ასეთ შემთხვევაში, არასდროს მივუჯდები სამუშაო მაგიდას, არასდროს, რადგან ხელსაც ვერ გავანძრევ (თუმცა ასეთი დღეები ძალიან იშვიათია). ხელს არ გავანძრევ. რადგან ჩემი გონება მათ არ ეკუთვნით. თუ ცუდად ვარ, მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რამაც ამ მდგომარეობაში ჩამაგდო, სამკაულზე, ფერებზე და სიამოვნებაზე როგორ ვიფიქრებ? ვმუშაობ მხოლოდ მაშინ, როდესაც მუზები მყავს სტუმრად.
– თუ გიფიქრიათ რაიმეს შეცვლა (სტილს და ტექნიკას ვგულისხმობ), ან თუნდაც რაიმე ახალი მიმართულებით განვითარებას ხომ არ გეგმავთ?
– სტილის შეცვლა წარმოუდგენლად მიმაჩნია, ეს არის, რაც მე მომწონს და რასაც ჩემი ხელები დაუფიქრებლად ქმნიან. მე არასდროს არ ვიქექები ინტერნეტში და არ ვაკვირდები სხვის ნამუშევრებს და ვერ ვხედავ აუცილებლობას, ვიფიქრო ამაზე. ჩემი ნაკეთობების მომხმარებელი დღითი-დღე მატულობს, რეალიზაციას არ ვუჩივი… თუმცა კატეგორიული მაინც არ ვიქნები, შეიძლება რაღაც შევცვალო, თუ შთაგონების წყარო გაჩნდა, მაგრამ ეს თავისთავად უნდა მოხდეს, ამის დაგეგმვა შეუძლებელია.
– ვინ არიან თქვენი მყიდველები? შეგიძლიათ, გაავლოთ პარალელი ქართველ და უცხოელ მომხმარებელს შორის? ყველასთვის ცნობილია, რომ უცხოეთში ხელნაკეთ ნივთებს უფრო აფასებენ ვიდრე საქართველოში
– უკვე საქართველოშიც იგრძნობა ხელნაკეთი ნივთების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება, ადრინდელზე მეტად მოსწონთ და აფასებენ. ჩემთან მოდიან გემოვნებიანი ქალბატონები და ყიდულობენ არა იმიტომ, რომ არ იშოვება სამკაული, არა, უამრავია თბილისშიც, მაგრამ მათ აქვთ ამბიცია, ჰქონდეთ ექსკლუზივი, ერთადერთი და განუმეორებლი, ლამაზიც და მოხდენილიც. ნუ, უცხოეთში ნამდვილად დიდ პატივს სცემენ ხელნაკეთ ნივთებს. იქაც მაჩერებენ და მიმანიშნებენ ჩემს სამკაულზე, როცა გაიგებენ, რომ ჩემი ნახელავია, ქათინაურებს არ იშურებენ და შეძენის სურვილს გამოთქვავენ… მეც ვარიგებ სავიზიტო ბარათებს და შემდეგ ეს შემთხვევითი ნაცნობობა შედეგს გამოიღებს ხოლმე.
– და ბოლოს, ორი სიტყვა სამომავლო გეგმებზე…
– სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ვემზადები გამოფენისთვის, რომელსაც „ოქროს შემოდგომა“ დავარქვი. მალე მოგიწვევთ, მოდით და შემიფასეთ (იცინის).
გიორგი მიქაძე