შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის ახალი შორი მანძილის რაკეტების მიწოდება 2024 წლამდე გადაიდო.
ამის შესახებ Reuters-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ასეთი რაკეტების მიწოდება ჯერ კიდევ მარტში იყო დაანონსებული თუმცა, როგორც ჩანს მომავალ წლამდე გადაიდო.
საუბარია Boeing-ისა და Saab-ის ერთობლივად შემუშავებულ GLSDB-ის საბრძოლო მასალაზე. ეს არის მსუბუქი, დაბალ ფასიანი და მაღალი სიზუსტის ბომბები, რომელთა გასროლა HIMARS-იდან ხდება და მათ შეუძლიათ სამიზნეს განადგურება 160 კილომეტრის რადიუსში, ანუ გაცილებით შორ მანძილზე, ვიდრე ამჟამად არის შესაძლებელი.
Reuters აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მარტში რუსეთმა გამოაცხადა, რომ GLSDB ჩამოაგდო, შეერთებულ შტატებს დღემდე უკრაინისთვის ასეთი „ჭკვიანი ბომბი“ არ მიუწოდებიათ.
ზუსტად ერთი წლის წინ, 2022 წლის 29 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები ასეთი საბრძოლო მასალის მიწოდებას განიხილავს და რომ პირველი პარტია, შესაძლოა 2023 წლის მარტში იყოს მიწოდებული. თუმცა, თებერვალში გახდა ცნობილი, რომ GLSDB გაგზავნა წლის მეორე ნახევრამდე გადაიდო.
Reuters-ის წყაროები კი ახლა ამბობენ, რომ Boeing-ი პენტაგონს GLSDB-ს დეკებრის ბოლოს გადასცემს, რის შემდეგ აშშ-ს არმიაში რამდენიმე თვის განმავლობაში ცდები ჩატარდება, ვიდრე საბრძოლო მასალა უკრაინაში გაიგზავნება.
გამოცემას პენტაგონში უთხრეს, რომ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი ვარაუდობს მათ გადაცემას 2024 წლის პირველ ნახევარში.