“პარლამენტი სრული დატვირთვით საქმიანობს; ნებისმიერ ხელისუფლებას ლეგიტიმაციას საზოგადოება ანიჭებს და აქ არანაირი როლი და კავშირი უცხოურ ძალას არ აქვს” – მათიკაშვილი
“პარლამენტი სრული დატვირთვით საქმიანობს. ნებისმიერ ხელისუფლებას ლეგიტიმაციას, საზოგადოება ანიჭებს და აქ არანაირი როლი და კავშირი უცხოურ ძალას არ აქვს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია საკუთარ ტყუილშია დაკარგული.
„ოპოზიცია საკუთარ ტყუილებში გაიბნა და უკვე აღარ იციან, იმ ლაბირინთიდან როგორ დააღწიონ თავი, რომელიც თავად აგენტურულ ტელევიზიებთან ერთად დეზინფორმაციით შექმნეს. ოპოზიციას არაერთი მცდელობა ჰქონდა, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყო. რადიკალურ ოპოზიციას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დავალებული გეგმა ჰქონდა, რომ პარლამენტში არშესვლით, ქართველი ხალხის დაშანტაჟებით, ქვეყანაში ისეთი რადიკალზმი განევითარებინა, რომელიც გარე აქტორებისთვის და მათთვის დავალებების მიმცემისთვის სასარგებლო იქნებოდა.
საბოლოო ჯამში, მათი ყველა მცდელობა ჩავარდა და ვინმე თუ ფიქრობს, რომ პარლამენტში არ შემოსვლით ქართულ სახელმწიფოს რაიმე საფრთხეს შეუქმნის, ეს სრული აბსურდი და ნონსენსია. საქართველოს პარლამენტს არჩეული დეპუტატები ჰყავს და უწყება ფუნქციონირებს კონსტიტუციის სრული დაცვით. რაიმე თუ ეწყინათ აგენტებს და ქვეყანას პრობლემა ვერ შეუქმნეს, ამისთვის ბოდიშს ნამდვილად ვერ მოვიხდით“, – განაცხადა მათიკაშვილმა.