ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში KIU-ს მათემატიკის კონკურსის ფინალი გაიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი, KIU-ს მათემატიკის კონკურსის – KIU π-DAY Math CONTEST 2025 ფინალი გაიმართა.

წლევანდელი კონკურსი მოსწავლეთა განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა. პირველ ტურში 400-მდე, მეორეში – 180, ხოლო მესამე, ფინალურ ტურში 56 მოსწავლე მონაწილეობდა, რაც უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობაა ამ შეჯიბრების ისტორიაში.

KIU Pi-Day Math Contest 2025 პირველი და მეორე ტური „Learn with AI” პლატფორმის გამოყენებით ჩატარდა, რომელიც შეიქმნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი საბაკალავრო პროგრამისთვის – „მათემატიკა & გამოყენებები: ხელოვნური ინტელექტის, სამეცნიერო გამოთვლების, ფინანსური მათემატიკის საფუძვლები“.

ფინალური ტურის მონაწილე მოსწავლეებს და მათ მშობლებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის, მათემატიკის სკოლის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რამაზ ბოჭორიშვილმა. მან დამსწრე საზოგადოებას KIU-ს ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა – „მათემატიკა & გამოყენებები: ხელოვნური ინტელექტის, სამეცნიერო გამოთვლების, ფინანსური მათემატიკის საფუძვლები“ წარუდგინა და ასევე, ფინალური ტურის წესები გააცნო.

რამაზ ბოჭორიშვილის ინფორმაციით, პირველი და მეორე ტურის საკონკურსო ამოცანების ნაწილი შედგენილი იყო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის l და ll კურსის სტუდენტების, ხოლო ნაწილი – ხელოვნური ინტელექტის მიერ. ფინალური ტურის ამოცანები კი, სრულად, KIU-ს პროფესორებმა შეიმუშავეს.

ფინალში მიღებული შედეგების მიხედვით, რამდენიმე კვირაში გამოვლინდებიან კონკურსის გამარჯვებულები და I, II, III ხარისხის დიპლომების მფლობელები. გამარჯვებულებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, KIU-ში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, მნიშვნელოვან პრიზებს სთავაზობს. კერძოდ: სწავლის დაფინანსება 100 %; საერთო საცხოვრებლის დაფინანსება 50%; KIU-ს სტიპენდია.

შეჯიბრის დასრულების შემდეგ ფინალისტებსა და მათ მშობლებს, KIU-ს სტუდენტებმა საუნივერსიტეტო კომპლექსი, აკადემიური, საცხოვრებელი და სარეკრეაციო სივრცეები დაათვალიერებინეს.

აღსანიშნავია, რომ KIU Pi-Day Math Contest ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკის სკოლის ინიციატივითა და ორგანიზებით უკვე მე-5 წელია ტარდება და მასში მონაწილეობენ IX-XII კლასების წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლეები. კონკურსი განსაკუთრებით პრესტიჟული და პოპულარულია ისეთი სკოლების მოსწავლეებისთვის, რომლებიც STEM მიმართულებების გაძლიერებული სწავლებით გამოირჩევიან.

მათემატიკის საერთაშორისო დღე ყოველი წლის 14 მარტს UNESCO-ს 2019 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით აღინიშნება. KIU Pi-day მათემატიკის დღე რეგისტრირებულია მათემატიკოსთა საერთაშორისო კავშირის პროექტის ინტერაქტიურ რუკაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები