„ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაში პაატა სალიას ადგილს ირაკლი ქადაგიშვილი დაიკავებს
„ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაში პაატა სალიას ადგილს, ირაკლი ქადაგიშვილი დაიკავებს. ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
„ირაკლი ქადაგიშვილი, პაატა სალიასთვის ვადამდე უფლებამოსილების ვადის შეწყვეტის შედეგად, საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების შესაბამისად წევრის სტატუსით, ჩვენს საგამოძიებო კომისიას შემოუერთდა. თქვენი ჩვენს კომისიაში შემოსვლა ძალიან დიდი შენაძენი და ღირებულებაა თქვენი წარსულიდან გამომდინარე. ჯერ კიდევ ეროვნულ მოძრაობაში და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის მიმართულებით თქვენ ღვაწლმოსილი ადამიანი ბრძანდებით. მქონდა პატივი თქვენთან ერთად ოპოზიციაში ვყოფილიყავი ერთი და იმავე პოლიტიკურ გაერთიანებაში და მიხარია, რომ ამ კომისიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ იმ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ერთად ვიმუშავებთ, რომელიც დაგვისახა საქართველოს პარლამენტმა“,- მიმართა წულუკიანმა ქადაგიშვილს.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით პაატა სალია იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა.