ვაკის პარკის საქმე – სასამართლო მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსისა და ექსპერტ ვახტანგ ლონდარიძის საქმეზე განაჩენს დღეს გამოაცხადებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ორი პირის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის, გიგა გიგაშვილისა და ექსპერტ ვახტანგ ლონდარიძის საქმეზე განაჩენს დღეს, 6 ნოემბერს გამოაცხადებს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა ჩანიშნული.

გასულ პროცესზე ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვები, ბრალდებულებმა კი საბოლოო სიტყვები წარმოთქვეს, რის შემდეგაც, სასამართლო სათათბიროდ გავიდა განაჩენის გამოსატანად.
დაცვის მხარე გამამართლებელი განაჩენის მოლოდინშია, ვინაიდან მათი თქმით, პროკურატურას საქმეზე შესაბამისი მტკიცებულებები წარდგენილი არ აქვს. ბრალდების მხარის განცხადებით კი, საქმეზე არაერთი მტკიცებულებაა მოპოვებული და სასამართლოში წარდგენილი, შესაბამისად, მას გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი – ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა.
აღნიშნულ საქმეზე 9 ბრალდებული პირიდან თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ 8 პირი ცნო, მათი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობდა.

რაც შეეხება, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს, მას ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე აქვს წარდგენილი, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები