კლინიკიდან 3 პატიმრის გაქცევის საქმის პროკურორის ინფორმაციით, მსჯავრდებულთა გადაყვანისთვის განკუთვნილ სპეციალურ ტრანსპორტში, კიდევ ერთი, მეოთხე მსჯავრდებული იმყოფებოდა, რომელსაც გაქცევა არ უცდია
კლინიკიდან სამი პატიმრის გაქცევის საქმის პროკურორის, ლაშა ამირანაშვილის ინფორმაციით, მსჯავრდებულთა გადაყვანისთვის განკუთვნილ სპეციალურ ტრანსპორტში, კიდევ ერთი, მეოთხე მსჯავრდებული იმყოფებოდა, რომელსაც გაქცევა არ უცდია. ამის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„კარი ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა გააღო, თუმცა ამ შემთხვევაში, სამივე მსჯავრდებულის ქმედება იდენტურია, ისინი დაკავების ადგილიდან გაიქცნენ და აქედან გამომდინარე არსებითი მნიშვნელობა, შესაძლოა, სამართლებრივად არც ჰქონდეს. სამივე მსჯავრდებულს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის მესამე ნაწილის ა -ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენისათვის, რაც გულისხმობს გადაყვანის ადგილიდან მსჯავრდებულთა გაქცევას ჯგუფურად. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ამ კუთხით დეტალურად და სხვა დეტალები და ფაქტობრივი გარემოებები შემდგომში გახდება ცნობილი.
მოგეხსენებათ, ისინი არიან მსჯავრდებულები და პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობით ასეთ შემთხვევაში არ მიმართავს სასამართლოს, მივმართავთ მხოლოდ წინასასამართლოს სხდომის განსაზღვრის შუამდგომლობით, რაც განხორციელდება უახლოეს პერიოდში.
აქვე აღვნიშნავ, რომ სპეციალურ ავტომანქანაში არის პატიმრების მოთავსების ორი საკანი, მოცემულ შემთხვევაში ორივე საკნის წინ არის ადგილი, სადაც უნდა განთავსდნენ ბადრაგის თანამშრომლები და ორივე საკანი იკეტება ცალ-ცალკე. ეს გაქცეული მსჯავრდებულები იყვნენ ერთ-ერთ საკანში, ამ სივრცეში ასევე იყო მეორე საკანი, სადაც დარჩა ერთი მსჯავრდებული, რომელიც არ და ვერ გაიქცა. მისი კარის ურდული გადაკეტილი იყო და მას არც უცდია გაქცევა“,- განაცხადა პროკურორმა.
ცნობისთვის, „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია. კლინიკიდან 3 პატიმრის გაქცევის საქმეზე დაკავებულ საბადრაგო ჯგუფის უფროსს კი პატიმრობა შეეფარდა.