საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობის შესახებ, გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობასთან დაკავშირებით, გაეროს სპეციალურ მომხსენებელს მერი ლორელსა და დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს ადამიანის უფლებათა დამცველების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო, პრაქტიკაში არსებული გამოწვევები და განხორციელებული რეფორმები. გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს პროკურატურის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ.

საქართველოს პროკურატურა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტიან რეაგირებას. გაეროს რეკომენდაციის ჯეროვნად შესრულების მიზნით, პროკურორებისთვის ადამიანის უფლებათა დამცველის მონაწილეობით არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებისა და საპროცესო ხელმძღვანელობის შესახებ შემუშავებულია სახელმძღვანელო მითითება.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ადამიანის უფლებათა დამცველების მონაწილეობით არსებული სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგი, დინამიკის, ტენდენციების შესწავლა, გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის ხარისხის გაუმჯობესება და უფლებადამცველების მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე სტატისტიკის წარმოებაა.

გაეროს სპეციალური მომხსენებლის მანდატი ადამიანის უფლებათა დამცველების უფლებათა რეალიზაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები