ბურჯანაძის პარტია შესაძლოა 65 ათასი ლარით , “ნაციონალები“ კი 2 000 ლარით დაჯარიმდნენ

პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების ნაწილს სასამართლოში უჩივის. უწყება საარჩევნო პერიოდის დეკლარაციების წარმოუდგენლობის გამო საარჩევნო სუბიექტების დაჯარიმებას ითხოვს. უფრო კონკრეტულად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები შედგენილია არჩევნებში მონაწილე 6 სუბიექტის მიმართ, რომელთაგან ფინანსური მონიტორინგის სამსახური ყველაზე მეტი – დაახლოებით 65 ათასამდე ლარის ჯარიმის დაკისრებას ითხოვს ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიული მოძრაობის” მიმართ. “პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურმა საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის არჩევნების პერიოდში საარჩევნო პროცესების მონიტორინგის შედეგად დაასრულა მოკვლევა ექვს ადმინისტრაციულ საქმესთან დაკავშირებით, რაზეც შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და შემდგომი რეაგირების მიზნით გაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში. აღნიშნული ოქმები შედგენილია შემდეგ საკითხებზე:
1. პრეზიდენტობის კანდიდატების ქართლოს ღარიბაშვილის მიერ სამკვირიანი და საარჩევნო პერიოდის დეკლარაციების წარმოუდგენლობა ითვალისწინებს ჯარიმას 1 000 ლარით;
2. პრეზიდენტობის კანდიდატების, მამუკა მელიქიშვილის მიერ სამკვირიანი და საარჩევნო პერიოდის დეკლარაციების წარმოუდგენლობა ითვალისწინებს ჯარიმას 1 000 ლარით;
3. პრეზიდენტობის კანდიდატების, ნესტან კირთაძის მიერ საარჩევნო პერიოდის დეკლარაციის წარმოუდგენლობა, ითვალისწინებს ჯარიმას 1 000 ლარით;
4. პრეზიდენტობის კანდიდატის ნესტან კირთაძის საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშიდან ნაღდი ფულის გატანის ოპერაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ნებართვის გარეშე, ითვალისწინებს ჯარიმას 1 000 ლარით; 5.მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო რეკლამის შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობა, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას 2 000 ლარით;
6. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებების დამალვა (32 318 ლარი), ითვალისწინებს მიღებული შემოწირულების ორმაგი ოდენობის ჯარიმას”, – აღნიშნულია ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციაში. მათივე განმარტებით, მონიტორინგის სამსახური კვლავ აგრძელებს გასული პერიოდისა და მიმდინარე პროცესების მონიტორინგს და მოახდენს შესაბამის რეაგირებას, “რადგან სამსახური ვალდებულია, უზრუნველყოს პოლიტიკური პარტიების ფინანსური გამჭვირვალობა და პოლიტიკურ პროცესებში უკანონო თანხების გამოყენების ხელშეშლა”,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები