“საქართველო დღეს არის უფრო ევროპული, უფრო თავისუფალი და უფრო განვითარებული ქვეყანა, ვიდრე ეს იყო 10 წლის წინ და საქართველოს დღეს ნამდვილად აქვს ევროპული ტრაექტორია. ეს ყველაფერი ჩანდა ჯერ კიდევ ზაფხულში გამოქვეყნებულ შეფასებაში”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მოლოდინია, რომ საქართველო დეკემბერში კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
“ჩვენ ვამბობდით, რომ საქართველო სამართლიანად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და სულ უფრო მეტი ჩვენი ქვეყნის მეგობარი ევროპაში ამ გადაწყვეტილებას უჭერს მხარს. ამიტომ მოველით, რომ ძალიან დიდი ალბათობით, საქართველო დეკემბერში მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ეს დოკუმენტიც, რომელიც ახლა ევროკომისიამ დაამტკიცა, არის ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა. ჩვენ განვაგრძობთ რეფორმებს. საქართველოს ხელისუფლებას აქვს ევროპული დღის წესრიგი, გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერა და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე. საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი”, – აღნიშნა თალაკვაძემ.