ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ქართულ-იტალიურ განათლების ცენტრ „მინერვას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და ააიპ ქართულ-იტალიურ განათლების ცენტრ „მინერვას” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს KIU-ს რექტორმა, პროფესორმა -გიორგი ხუბუამ და „მინერვას“ თანაპრეზიდენტმა – ჯოვანი ჯაკომანტონიომ.

მემორანდუმი მიზნად ისახავს ერთობლივი, ქართულ-იტალიური სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას; კონფერენციების, სემინარების ორგანიზებასა და გამოცდილების გაზიარებას; აგრეთვე, ერთობლივი კვლევითი პროექტების მხარდაჭერას განათლების სფეროში, განსაკუთრებით, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით.

თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა კონფერენციის – “იტალიასა და საქართველოს შორის აკადემიური თანამშრომლობა: ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა და სტრატეგია – ACIG 2025” – ფარგლებში, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა 3-4 აპრილს უმასპინძლა. მასში იტალიის 13 და საქართველოს 14 უნივერსიტეტის, 100-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი, „მედიცინის“ ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტი ქუთაისის საერთაშორისო და ნეაპოლის ფედერიკო II სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტებისგან ორმაგ, ქართულ-იტალიურ დიპლომს მიიღებს. ანალოგიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს KIU-ს კიდევ ერთი ახალი საბაკალავრო პროგრამა – „დიზაინი“, რომლის პრეზენტაცია 10 მარტს გაიმართა. „დიზაინის“ წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტი, ასევე, ორმაგ (KIU და ნეაპოლის ფედერიკო II სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ქართულ-იტალიურ დიპლომს მიიღებს.

ACIG 2025-ის ორგანიზატორები იყვნენ: სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ააიპ ქართულ-იტალიური განათლების ცენტრი „მინერვა”, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი. ღონისძიება ჩატარდა საქართველოში იტალიის საელჩოს ჩართულობითა და ხელშეწყობით.

ACIG 2025 მიზნად ისახავდა იტალიისა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას, გაცვლითი და საგანმანათლებლო პროგრამების ხელშეწყობას, ახალი იდეების პოპულარიზაციას ინტერნაციონალიზაციასთან დაკავშირებული გამოწვევების გადასაჭრელად.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო მეგა-პროექტია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დაარსებულ ერთადერთ საერთაშორისო სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს. უნივერსიტეტის იდეა ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ეკუთვნის. საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ უნივერსიტეტის განვითარების მიზნით, ერთი მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიციას ახორციელებს.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები