სპეციალური საგამოძიებო სამსახური სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების საერთაშორისო ქსელის (ICIN) წევრად აირჩიეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ლონდონში, სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების საერთაშორისო ქსელის (Internal Criminal Investigations Network) ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე, ორგანიზაციის წევრად აირჩიეს.

სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების საერთაშორისო ქსელში (ICIN) 26 ქვეყანაა გაერთიანებული, მათ შორისაა, ბელგიის პოლიციის მონიტორინგის მუდმივმოქმედი კომიტეტი, დანიის საპოლიციო საჩივრების დამოუკიდებელი სამსახური, შვედეთის სპეციალური საგამოძიებო დეპარტამენტი, ლიეტუვას იმუნიტეტის საბჭო, ნიდერლანდების დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, დიდი ბრიტანეთის მეტროპოლიტენის პოლიციის პროფესიული სტანდარტების სამსახური და ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების დამოუკიდებელი საგამოძიებო და საზედამხედველო ფუნქციის მქონე უწყებები.

ლონდონში გამართულ გენერალურ ასამბლეაზე, საერთაშორისო ქსელის წევრობის კანდიდატი ქვეყნის წარმომადგენლებმა სიტყვით მიმართეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ თავის გამოსვლაში საქართველოში ახლადშექმნილი დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის ქსელში გაწევრიანების მნიშვნელობაზე, სამსახურის განვითარების დინამიკასა და პერსპექტივებზე, ასევე წევრ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნაზე ისაუბრა.

კენჭისყრის შედეგად, გენერალური ასამბლეის წევრებმა საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროს, ასევე, გერმანიის და ფინეთის საზედამხედველო სამსახურების საერთაშორისო ქსელში ოფიციალურ გაწევრიანებას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, შექმნიდან მცირე დროში საერთაშორისო ქსელის წევრობის ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილება შეძლო.

ICIN ქსელი 2020 წლის მარტში დაარსდა და წევრთა პირველი შეხვედრა 2021 წლის მაისში გაიმართა. 2023 წლიდან გაერთიანების თავმჯდომარე მარტინ ვალფრიდსონია, რომელიც ამავდროულად შვედეთის სპეციალური საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები