„მსჯავრდებულმა ნეკა თითის წინა ფალანგი მოიჭრა“
სასჯელაღსრულების სამინისტრო N 6 დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის ჯაბა სოფრომაძის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. უწყების განცხადებით, სასჯელაღსრულების N6 დაწესებულებაში თითქოს მსჯავრდებულმა ჯაბა სოფრომაძემ გაუსაძლისი ჰიგიენური პირობების გამო თავი დაიზიანა, სიმართლეს არ შეესაბამება. „მსჯავრდებული ციხის ადმინისტრაციისგან ითხოვდა სასჯელაღსრულების N6 დახურული ტიპის დაწესებულებიდან სასჯელაღსრულების N14 ნახევრად ღია დაწესებულებაში გადაყვანას, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის გამო მან 7 იანვარს წინა მხრის ნაკვეთი ჭრილობა მიიყენა, სოფრომაძემ ჭრილობის დამუშავებაზე უარი განაცხადა, მოგვიანებით კი ნეკა თითის წინა ფალანგიც მოიჭრა.
დაწესებულების სამედიცინო პერსონალმა დროულად მოახდინა რეაგირება და გამოიძახეს ქირურგიული ბრიგადა, რომელმაც პაციენტს შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. თავდაპირველად პაციენტი უარს აცხადებდა საავადმყოფოში გადაყვანაზე, თუმცა 9 იანვარს, მოლაპარაკების შემდეგ, ის გადაყვანილ იქნა ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრში და ჩაუტარდა რენიმატოლოგის, ტრავმატოლოგისა და უროლოგის კონსულტაციები. დაწესებულებაში დაბრუნების შემდეგ მსჯავრდებულს უგრძელდება სათანადო მედიკამენტოზური მკურნალობა და უმუშავდება ჭრილობა. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებული ცდილობს პროვოკაციის გზით მიაღწიოს მიზანს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო არ აპირებს მის გადაყვანას სასჯელაღსრულების N14 დაწესებულებაში. იგი სასჯელის მოხდას N6 დაწესებულებაში გააგრძელებს. მსჯავრდებულის კონკრეტული ტიპის დაწესებულებაში განთავსების საკითხს წყვეტს ადმინისტრაცია და ეს გადაწყვეტილება მსჯავრდებულების ან მათი ოჯახის წევრების ქმედებებით ვერ იქნება შეცვლილი. ჯაბა სოფრომაძე სასჯელს 2009 წლიდან მეორე ვადით, ქურდობის მუხლით იხდის. წინა სასჯელი მან თაღლითობისთვის მოიხადა. მსჯავრდებულს ამნისტიით უკვე შეუმცირდა სასჯელი 2 წლით და 3 თვით. მოსახდელი დარჩა 1 წელი და 10 თვე“, – ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.