ნათია თურნავა საბანკო ასოციაციისა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტს, ალექსანდრე ძნელაძეს და ასოციაციის წევრი კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესებზე, სამომავლო სიახლეებსა და არსებულ გამოწვევებზე.
ნათია თურნავას თქმით, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია.
“ეს არის ერთ-ერთი დიდი ასოციაცია, რომელიც საქართველოში მოქმედ ბევრ საფინანსო ინსტიტუტს და პრაქტიკულად ყველა ბანკს აერთიანებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრები, რომ უკეთ გავეცნოთ თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი საბანკო სექტორი. ამ კვირაში გვექნება ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა, რომელზეც ვიმსჯელებთ სხვადასხვა საკითხზე. მათ შორის, სამომხმარებლო სესხების ვადიანობის გაზრდაზეც. ამასთან დაკავშირებით გვინდოდა წინასწარ მოგვესმინა კომერციული ბანკების მოსაზრებები. ჩვენი საბანკო სისტემა საკმაოდ ძლიერი, დაბალრისკიანი და მდგრადია სხვადასხვა შოკების მიმართ. თუმცა, გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე გვინდა კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, რომ ბანკები მზად არიან ნებისმიერ გარე შოკებთან გასამკლავებლად”, – განაცხადა ნათია თურნავამ.