სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოქალაქის მიმართ ადევნების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ნაცნობი ქალბატონის მიმართ განხორციელებული ადევნების ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უბნის უფროსი ინსპექტორი იქნა მხილებული.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცავი 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის თებერვლამდე პერიოდში, ქ. რუსთავში, არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა ნაცნობ ქალბატონთან, კერძოდ, მისი ნების საწინააღმდეგოდ ხვდებოდა მას, ასევე, შეხვედრის მოთხოვნით უკავშირდებოდა ტელეფონისა და სოციალური ქსელების საშუალებით, ემუქრებოდა მათი მიმოწერის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით, გარდა ამისა, ადევნების გზით, უკანონოდ აკონტროლებდა მის გადაადგილებას.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა, რის შედეგადაც მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსპექტორს ბრალდება ადევნებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა. დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მუშაობის შედეგად, სამსახურის ამოქმედებიდან დღემდე, არასათანადო მოპყრობასა და ძალადობრივ დანაშაულში ჯამში 62 სამართალდამცავია მხილებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები