გორში დამსახურებული მწვრთნელის ნუგზარ სხირელის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო მემორიალური ტურნირი გაიმართა
გორში დამსახურებული მწვრთნელის ნუგზარ სხირელის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო მემორიალური ტურნირი გაიმართა.
“სხირელის თასი 2023” – ის ფარგლებში შეჯიბრებები ახალგაზრდებს შორის თავისუფალ ჭიდაობაში სამ დღეს მიმდინარეობდა.
ტურნირში ქართველებთან ერთად მონაწილეობდნენ სომეხი, აზერბაიჯანელი, ყაზახი, მაკედონიელი, ამერიკელი და უკრაინელი მოჭიდავეები.
შეჯიბრებაში 2004 – 2006 წლებში დაბადებული სპორტსმენები 10 წონით კატეგორიაში ასპარეზობდნენ.
საპრიზო ადგილებზე გასულ მოჭიდავეებს გადაეცათ თასები, მედლები და სიგელები.
საერთაშორისო ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით პირველად 2021 წელს გაიმართა და შემდგომში ტრადიციული ხასიათი მიიღო.
ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებითა და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული და მსოფლიო ფედერაციების მხარდაჭერით ტარდება.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უცხოელ სტუმრებთან ერთად პატივი მიაგეს ნუგზარ სხირელის ხსოვნას და მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს.
ნუგზარ სხირელი იყო მსოფლიოში აღიარებული მწვრთნელი, ღირსების ორდენისა და ღირსების მედლის კავალერი. მისი დაარსებულია გორში თავისუფალი ჭიდაობის სკოლა. სხირელის აღზრდილები არიან წარმატებული სპორტსმენები – საქართველოს, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონები.