ისტორიაში პირველად – საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ძიუდოს მსოფლიოს გუნდური ასპარეზობის ჩემპიონია
უნგრეთში დასრულდა 2025 წლის გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად მსოფლიოს პირველობის ჩემპიონობა იზეიმა. ფინალში ქართველმა სპორტსმენებმა სამხრეთ კორეის ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხეს.
საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ფინალამდე საქართველოს ნაკრებმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გუნდს ანგარიშით 4:1 სძლია, იტალიას მშრალი ანგარიშით 4:0 მოუგო, ნახევარფინალში კი 2024 წლის მსოფლიოს ჩემპიონი 4:2 დაამარცხა. ნახევარფინალში გადამწყვეტი შეხვედრა ლაშა ბექაურსა (-90 კგ) და სანშირო მურაოს შორის შედგა, ქართველმა ძიუდოისტმა იაპონელს დაძაბულ ბრძოლაში იპონით სძლია.
ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოთხი მედალი მოიპოვეს. საქართველოს ისტორიული ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) მოუტანა. ფინალში მან იაპონელი მომო ტამაოკი დაამარცხა და პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი გახდა, რომელმაც სენიორებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა. ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ვერცხლს დასჯერდნენ, ბრინჯაოს მედალი კი ლუკა მაისურაძემ (-90 კგ) მოიპოვა.
ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.