ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბდა
ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა. დეპარტამენტის დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბების შესახებ ინიციატივა თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის.
„ვეტერანთა დეპარტამენტი დამოუკიდებლად განსაზღვრავს პოლიტიკას ჩვენი ვეტერანების მიმართ, მათ შორის სოციალურ პოლიტიკასაც. ბოლო წლის განმავლობაში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა და დიდი რესურსია გამოყოფილი ჩვენს მეომრებზე, დაჭრილ მეომრებზე, ასევე ვეტერანებზე. დაღუპულთა ოჯახებს მაღალი კომპენსაცია დაენიშნა, რომელიც ერთი წლის შემდეგ გაიზრდება. ეს პროცესი აუცილებლად მიგვიყვანს იქამდე, რომ ვეტერანებს ექნებათ სახელმწიფოს მიერ დაცული და გარანტირებული განსაზღვრული უფლებები“, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბების შესახებ დებულება რამდენიმე დღეში „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდება. რამდენიმე დღეში დასახელდება დეპარტამენტის ხელმძღვანელის ვინაობაც.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პარლამენტის მხარდაჭერით, შემუშავებულია კანონი, რომლის თანახმადაც, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების ოჯახები, კომპენსაციის სახით, 2014 წლიდან ყოველთვიურად 500 ლარს მიიღებენ, ხოლო 2015 წლიდან ეს თანხა 1000 ლარამდე გაიზრდება.