აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა ბიზნესმენი, მთიანი-ყარაბაღის ყოფილი ე.წ.მთავრობის მეთაური – რუბენ ვარდანიანი დააკავა.
შესაბამისი განცხადება უწყებამ გაავრცელა, თუმცა, მანამდე ფაქტის შესახებ თინა კანდელაკი წერდა, რომელმაც ვარდანიანს “ჩემი მეგობარი” უწოდა.
“ჩემი მეგობარი, მთიანი ყარაბაღის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, რუბენ ვარდანიანი აზერბაიჯანელმა სამხედროებმა დააკავეს“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.
რაც შეეხება ოფიციალურ ინფორმაციას, აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, რომ “27 სექტემბერს “ლაჩინის” სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა 1968 წელს დაბადებული რუბენ კარლენოვიჩ ვარდანიანი დააკავეს, რომელიც ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას იკავებდა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უკანონოდ შევიდა”.
სწრაფი რეაგირების ძალების წევრების თანხლებით, ვარდანიანი ბაქოში გადაიყვანეს და შესაბამის სამთავრობო ორგანოებს გადაწყვეტილების მისაღებად გადასცეს.
რუბენ ვარდანიანი სომხური წარმოშობის მილიარდერი, ინვესტორი, ფილანტროპი და მეწარმეა.
2022 წლის 4 ნოემბრიდან – 2023 წლის 23 თებერვლიდან მთიანი ყარაბაღის ე.წ. მთავრობის მეთაურის თანამდებობას იკავებდა.
ვარდანიანი არის ჰუმანიტარული ინიციატივის “ავრორას” თანადამფუძნებელი; “სკოლკოვოს” მოსკოვის მართვის სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი (2006-2011 წლებში); სომხეთში UWC Dilijan College-ის თანადამფუძნებელი; Philin-ის დამფუძნებელი („საქველმოქმედო ინფრასტრუქტურა“); Phoenix Advisors-ის დამფუძნებელი და პარტნიორი; საინვესტიციო კომპანია Troika Dialog-ის ყოფილი ხელმძღვანელი და მთავარი პარტნიორი (1992 -2012 წლებში) .
2011 წლიდან ვარდანიანი რუსეთის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში შედის. Forbes-ის მიხედვით, 2021 წლისთვის მისი ქონება 1მილიარდ დოლარს შეადგენს.