ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ბოლნისქალაქობა 2023“ აღინიშნა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ბოლნისქალაქობა 2023“ გრანდიოზულად აღინიშნა.

სახალხო დღესასწაულს ძველმა გერმანულმა უბანმა უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საბავშვო, შემეცნებითი, გასართობი და სპორტული სივრცეები, ქუჩის კარნავალი, ანიმატორების შოუ, ატრაქციონები, გამოიფინა ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრები.
დღესასწაულის სტუმრებს სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის, სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ქართული ნუგბარის დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ. წელსაც, ტრადიციულად საზეიმოდ დაიწურა ყურძენი.
ღონისძიების ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანმა პირველკლასელებს საჩუქრად მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი წიგნი-რვეული „პირველკლასელთა აკადემია“ გადასცეს.
„ბოლნისქალაქობა 2023“-ის დასასრულს მოეწყო გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „ერისიონი“, კვარტეტმა „რანინა“, ჯგუფმა Reggaeon და Tamada მიიღეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯგუფმა Reggaeon ფოლკლორულ ანსამბლ „ბოლნისის“ წევრებთან ერთად „ბოლნიქალაქობა 2023“-ის სტუმრებს ერთობლივი კომპოზიცია შესთავაზა.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა ბოლნისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია.
ღონისძიების სტუმრებს სიტყვით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა მიმართეს.
„ბოლნიქალაქობა 2023“-ს ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტრ კუბერნატი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, ქვემო ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი ესწრებოდნენ.
„მოხარული ვარ, რომ სახალხო დღესასწაული „ბოლნისქალაქობა“ უკვე ჩვენი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად იქცა და ამ დღეს არამარტო ბოლნისელები, არამედ სხვა მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლებიც მოუთმენლად ელიან. ,,ბოლნისქალაქობა” -ესაა სახალხო დღესასწაული, რომელიც ნათლად წარმოაჩენს ჩვენი მუნიციპალიტეტის მრავალფეროვან კულტურას, ტრადიციებს. ამ სახალხო დღესასწაულის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება კი არის ის, რომ ის აერთიანებს სხვადასხვა თაობის წარმომადგენელს, ეს თაობათაშორისი ურთიერთობა კი ჩვენი ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. თითოეულ ბოლნისელს ვულოცავ ჩვენი პატარა, თუმცა, დიდი ისტორიისა და წარსულის მქონე ქალაქის დღესასწაულს“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები