პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის მინისტრს, აჰმედ ალ ხატიბს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საუდის არაბეთის სამეფოში პრემიერმინისტრის ვიზიტის დროს მიღწეული შეთანხმებების შესრულების დინამიკა და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები დასახეს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის სწრაფად მზარდი სექტორია და საუდის არაბეთის სამეფო სტრატეგიულ, მიმზიდველ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს საქართველოსთვის.
პრემიერმინისტრის თქმით, მდგრადი ტურიზმის პრინციპების, ინოვაციებისა და განათლების სფეროს განვითარების მიმართულებით საუდის არაბეთის სამეფოს ინიციატივები მისასალმებელია.
ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზიტორთა ელექტრონული ვიზის მინიჭების გამო მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ელექტრონული ვიზა ორ ქვეყანას შორის ტურისტების ნაკადის ზრდას შეუწყობს ხელს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განახლებადი ენერგიის, უძრავი ქონების, ლოგისტიკური ცენტრების მიმართულებით. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი საუდის არაბეთის სამეფოსთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით როგორც მრავალმხრივ, ასევე ორმხრივ დონეზე.
მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატებში ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას.