პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს პრემიერმინისტრს შეხვდა
პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს პრემიერმინისტრს − ქსავიე ბეტელს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც პრემიერმინისტრის ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, ყურადღება დაეთმო ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ლუქსემბურგის, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრის, მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ ის შეინარჩუნებს პოლიტიკურ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში გაწევრიანების ყველა ეტაპზე. განიხილეს საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო რეკომენდაციების შესრულების პროცესში მჭიდროდ თანამშრომლობდა ევროკავშირთან და ვენეციის კომისიასთან. მისი თქმით, დარჩენილია რამდენიმე საკითხი, რომლებიც ასევე ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად დარეგულირდება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და წლის ბოლოს, ევროკავშირისგან ჩვენი ქვეყანა დამსახურებაზე დაფუძნებული, სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინშია. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში. მთავრობის მეთაურის თქმით, ლუქსემბურგს მსოფლიოში ღია და გამჭვირვალე ეკონომიკის რეიტინგში მოწინავე პოზიციები უკავია. ის წარმოადგენს ბიზნესის, კვლევის, ლოჯისტიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ძლიერ ცენტრს, საქართველო კი ლუქსემბურგთან ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებით არის დაინტერესებული. ირაკლი ღარიბაშვილმა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრს ეკონომიკური მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.
პრემიერმინისტრმა ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს პრემიერმინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის.