მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანელი სამხედროების ოპერაციის დაწყების ფონზე, ერევანში მოსახლეობა მთავრობის შენობასთან იკრიბება.
აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრისკენ მიმავალი მოედნის გზები გადაკეტეს და მთავრობას მოქმედებისკენ მოუწოდებენ.
“ნიკოლ, მოღალატე ხარ” – სკანდირებენ ქუჩაში გასული მოქალაქეები.
ამის პარალელურად, ფაშინიანმა განაცხადა, რომ ომში ჩართვას არ პირებს.
მისი თქმით, “არიან შიდა და გარე ძალები, რომლებსაც ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში სომხეთის ჩართვა სურთ. ჩვენთვის მიუღებელია სომხეთის სამხედრო ოპერაციების ესკალაციაში ჩართვის მცდელობა“.
პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ერევანმა, მთიან ყარაბაღში ესკალაციის ფონზე, არ უნდა გადადგას გაუთვალისწინებელი ნაბიჯები.
„ამჟამად, არ უნდა მივიღოთ რაიმე გაუთვალისწინებელი, გაუთვლელი, ავანტიურული გადაწყვეტილებები“, – თქვა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერი ასევე გამოეხმაურა ქუჩაში მიმდინარე მოვლენებს და თქვა, რომ, “როგორც მოსალოდნელი იყო, ისმის გადატრიალების მოწოდებები”.
სომხეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ “მნიშვნელოვანია, სომხეთში სრულად ამოქმედდეს კანონი, შენარჩუნდეს წესრიგი და სტაბილურობა, რადგან კანონის, წესრიგის და სტაბილურობის დარღვევა – ეს ის მიზანია, რომელიც იმ ძალებმა დაისახეს, როლებსაც სომხეთის წინააღმდეგ სურთ მოქმედება”.