საქართველოში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრი შეიქმნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოში პირველად მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი (ტექნოლოგიური პარკი) აშენდება, რომელიც შექმნის ერთიან ეკოსისტემას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და ხელს შეუწყობს ინოვაციური იდეების განვითარებას. პროექტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს.
ტექნოლოგიური პარკის პრეზენტაციას, რომელიც საგამოფენო ცენტ „ექსპო ჯორჯიაში“ 8 სექტემბერს გაიმართა, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკის შექმნის მთავარი მიზანი არის ცოდნაზე დაფუძნებული მცირე და საშუალო საწარმოების რაოდენობის გაზრდა და მათი განვითარება. ტექნოლოგიური პარკი ასევე იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რომ საქართველოში დაფუძნდეს საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლობები და მოვიზიდოთ უცხოური ინვესტიციები. ტექნოლოგიური პარკი დამწყებ და პატარა კომპანიებს შესთავაზებს ისეთ რესურსებს, რომლებიც მათთვის აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი იყო. იგი განსაკუთრებულ როლს ითამაშებს ახალი ბიზნესისა და ახალი კომპანიების შექმნაში, არსებული ბიზნესის განვითარებაში, ინოვაციების კომერციალიზაციასა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაში.
ტექნოლოგიური პარკის მშენებლობა ოქროყანაში, 18 000 კვ. მ. ტერიტორიაზეა დაგეგმილი. მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი მოიცავს როგორც მცირე ინკუბატორებს, სასწავლო ცენტრებსა და ლაბორატორიებს, ასევე დიდ ოფისებს კომპანიებისათვის, ერთობლივ სამუშაო ადგილებსა და რეკრეაციულ სივრცეს. პარკის ტერიტორიაზე იმუშავებს აქსელერატორი, მაღალტექნოლოგიური კომპანიების ტრენინგ-ცენტრები და შოუ-რუმები, იქნება მაღალტექნოლოგიური ინკუბატორი, სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია, co-working ცენტრი, საკონფერენციო დარბაზი და სხვა სერვისები, რომლებიც ხელს შეუწყობს მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებას. ტექნოლოგიური პარკი უზრუნველყოფს ამ სერვისების მიწოდებას როგორც ცალკეული ინოვატორებისთვის, ასევე დამწყები კომპანიებისა და მსხვილი საერთაშორისო კორპორაციებისათვის. აღსანიშნავია, რომ პირველი ტექნოლოგიური პარკი 1950 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, „სილიკონ ველში,“ სტენფორდის უნივერსიტეტში შეიქმნა, ხოლო დღესდღეობით ტექნოლოგიური პარკი მოწყობილია მსოფლიოს 70 ქვეყანაში და საერთო ჯამში, დაახლოებით 200 000 კომპანიას ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები