ეკა ბესელიას შვილი დიჯეის მკვლელობის საქმეზე პირველ კომენტარს აკეთებს
„სქაი ბარის“ მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისში ცნობილი დიჯეის დაჩი დარჩიას მკვლელობის საკითხზე დეპუტატ ეკა ბესელიას შვილი რატი მილორავა გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში საუბრობს.
„ჩემი ერთადერთი „დანაშაული“ ის არის, რომ ეკა ბესელიას შვილის ვარ“, – ამბობს დეპუტატის რატი მილორავა. მისივე თქმით, გავრცელებულია ინფორმაცია, რომ ის თითქოსდა, მკვლელობასთან რაიმე შემხებლობაშია, რაც მისი განმარტებით, ეკა ბესელიას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება და მიზანი დეპუტატის დისკრედიტაციაა.
როგორც მილორავა ამბობს, ის მკვლელობაში ბრალდებულ პირს არ იცნობს, დიჯეის მკვლელობის დღეს კი თბილისში არ იმყოფებოდა და მკვლელობის ფაქტთან არანაირ კავშირში არ არის.
„სხვა დანარჩენი ამბებიც ისეთივე ტყუილია, როგორც იმ დღეს „სქაი ბარში“ ჩემი ყოფნა, ან იმ საქმესთან ჩემი კავშირი. ორი აზრი არ არსებობს, რომ ჩემ მიმართ ასეთი ინფორმაციების აგორება ხდება იმიტომ, რომ ამით დედაჩემს მიაყენონ დარტყმა, ეს პირდაპირ კავშირშია ეკას პოლიტიკურ საქმიანობასთან. მაგრამ უკვე იმდენი ტალახი ისროლეს, რომ იმუნიტეტი გამოვიმუშავე. ცდილობენ, დედაჩემის დისკრედიტაცია მოახდინონ ასეთი სიბინძურეების აგორებით, მაგრამ მინდა, ამ უნიჭო ჭორების ავტორებს ვუთხრა, რომ ამით ვერც მე და ვერც ეკა ბესელიას ჩრდილს ვერ მოგვაყენებენ“, – ამბობს რატი მილორავა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში 29 აგვისტოს ცნობილი დიჯეი დარჩი დარჩია მოკლეს. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული 20 წლის ახალგაზრდა მალევე დააკავეს, თუმცა მედიასა და სოციალურ ქსელში მომხდართან დეპუტატ ეკა ბესელიას შვილის რატი მილორავას კავშირის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.