პუტინმა და კიმმა ერთმანეთის სადღეგრძელოები შესვეს და რუსეთ-კორეული მეგობრობის უწყვეტ განვითარებაზე შეთანხმდნენ

კოსმოდრომ “ვოსტოკში” რუსეთის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების პირისპირი შეხვედრაც დასრულდა, რომლის შედეგად უკვე გაფართოებულ შემადგენლობაში ვლადიმერ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა განცხადებები წაიკითხეს და ერთმანეთის ჯანმრთელობის, კეთილდღეობის, მეგობრობისა და ურთიერთობების განვითარების სადღეგრძელოები შესვეს.

კრემლის ლიდერმა, თავის მხრივ, თქვა, რომ რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის სახელით მოქმედებენ.

„ჩვენი ურთიერთობები 1945 წელს კორეის თავისუფლებისთვის ბრძოლის დროს დამყარდა, როდესაც საბჭოთა და კორეელმა ჯარისკაცებმა მხარდამხარ დგომისას გაანადგურეს იაპონელი მილიტარისტები. დღესაც ჩვენ ვცდილობთ, გავამყაროთ მეგობრობა და კეთილმეზობლობა. ჩვენ ვმოქმედებთ მშვიდობის, სტაბილურობის სახელით და ჩვენი საერთო რეგიონის კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა პუტინმა.

მან რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ხალხების კეთილდღეობისა და აყვავების, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების სადღეგრძელო წარმოთქვა.

„მინდა, შემოგთავაზოთ სადღეგრძელო ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცებისთვის, ჩვენი ხალხების კეთილდღეობისა და აყვავებისთვის“, – თქვა პუტინმა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობის, ასევე, ახალი გამარჯვებების და რუსეთ-კორეული მეგობრობის უწყვეტი განვითარების სადღეგრძელო თქვა.

„მე გთავაზობთ, ავწიოთ ჭიქა რუსეთის ფედერაციის პატივცემული პრეზიდენტის, ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ პუტინის ჯანმრთელობისთვის, დიდი რუსეთის ახალ გამარჯვებებისთვის, რუსეთ-კორეის მეგობრობის უწყვეტი განვითარებისთვის და აქ მყოფი ყველა მოქალაქის ჯანმრთელობისთვის”, – თქვა კიმ ჩენ ინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები