გურჯაანში მეზობლის მკვლელობაში ბრალდებული 89 წლის კაცის სახლი დაიწვა – ადგილობრივების ვერსიით, ეს შურისძიებაა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მეზობლის მკვლელობაში ბრალდებული 89 წლის კოლა გაბიტაშვილის საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
დამწვარია სახლის ორივე სართული და ყველა ნივთი განადგურებულია.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შემოესმათ გარკვეული ხმაური და როდესაც გარეთ გავიდნენ, სახლი უკვე მთლიანად ცეცხლში იყო გახვეული. სახანძრო სამსახურის გამოძახების მიუხედავად, სახლის ან ნივთების გადარჩენა ვერ მოხერხდა. ადგილზე მისული იყო პოლიციაც.
ხანძრის მიზეზი ამ დროისთვის დადგენილი არ არის, თუმცა, ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ეს შურისძიების მოტივით იყოს ჩადენილი.
შეგახსენებთ, 89 წლის კოლა გაბიტაშვილმა 35 წლის მეზობელი სანადირო თოფით მოკლა. მიზეზი კი მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული დავა გახდა.