ხულოს მუნიციპალიტეტის მერი მთა ზორტიყელის მოიალაღეებს შეხვდა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერი – ვახტანგ ბერიძე, მაჟორიტარ დეპუტატ ანზორ ბოლქვაძესა და შუახევის მუნიციპალიტეტის მერ ომარ ტაკიძესთან ერთად, მთა ზორტიყელის მოიალაღეებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირმა ადგილზე გაეცნო მოსახლეობის საჭიროებებს, მოიალაღეებისგან პირადად მოისმინა არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
“ვიზიტის ფარგლებში, ვახტანგ ბერიძემ ასევე დაათვალიერა მთა ზორტიყელში დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.
2023 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში მთა ზორტიყელში აშენდა, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სპორტული მოედანი. პროექტის ფარგლებში დაიგო ხელოვნური ბალახის საფარი, მოეწყო გარე განათება, კალათბურთის და ფეხბურთის ფარები. მოედანი ლითონის კონსტრუქციით შემოიღობა. პროექტის განხორციელებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 150 591 ლარი დაიხარჯა.
აქტიურად მიმდინარეობს მთა ზორტიყელში შიდა ელექტროგადამცემი ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში მოხდება ძველი, ხის, ელექტროგადამცემი ბოძების, ახალი, რკინის კონსტრუქციის ბოძებით ჩანაცვლება და 04 კვ-იანი ელექტოგაყვანილობის ქსელით დაქსელვა. განახებული ინფრასტრუქტურით ჯამში 200-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს. პროექტის განხორციელებისათვის 215 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება.
მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, წელსვე რეაბილიტაცია უტარდება არსებულ ხიდს. პროექტის ფარგლებში, განხორციელდება ხიდის საყრდენების რეაბილიტაცია და მოაჯირების მოწყობა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.