„თუ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ასეთი დადებითი აზრის არის პუტინზე, რატომ მეგობრობს სააკაშვილი მასთან?“
სააკაშვილი თამაშობს რუსულ ბინძურ თამაშს, საქართველოში თავისი ხელით რუსეთის საქმეს აკეთებს, – ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მეგობრობის შესახებ საუბრისას განაცხადა. მამრაძემ ყურადღება უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ბოლო დროინდელ განცხადებაზე გაამახვილა.
„სააკაშვილი საბერძნეთის ამბის შემდეგ ალბანეთში გადავიდა. მიაქციეთ ყურადღება რა ქვეყნებში დადის. სააკაშვილს საჯაროდ თავი მოაქვს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მისი მეგობარია. ამ დროს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ერთი თვის წინ გამოვიდა სიტყვით და გამოაცხადა, რომ ევროპაში ლიბერალურმა დემოკრატიამ დრო მოჭამა. თქვა, გაუმარჯოს არალიბერალურ დემოკრატიასო და სანიმუშოდ დაასახელა პუტინი და პუტინის რეჟიმი. მისმა გამოსვლამ შეძრა მთელი ევროპა. აქ ისმის კითხვა, თუ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ასეთი დადებითი აზრის არის პუტინზე, რატომ მეგობრობს სააკაშვილი მასთან? აი, რა ბინძურ თამაშს აქვს ადგილი. ისევ დავდივართ იმ აზრამდე, რაც მიტჩელმა თქვა: სააკაშვილი თამაშობს რუსულ ბინძურ თამაშს, საქართველოში თავისი ხელით რუსეთის საქმეს აკეთებს,” – აცხადებს მამრაძე.