ალექსანდრე ჩიჯავაძე – ვიოლონჩელისტი, რომლის მუსიკაც გულში ჩამწვდომი ხმით გამოირჩეოდა
ლექსანდრე (სანდრიკ, სანდრო) ირაკლის ძე ჩიჯავაძე დაიბადა 1917 წლის 9 აგვისტოს, თბილისში, აგრონომის ოჯახში. 8 წლის ასაკიდან ეუფლებოდა ჩელოზე დაკვრას თბილისის მუსიკალურ სასწავლებელში პროფესორ კ. მინიარ–ბელორუჩევის ხელმძღვანელობით. სანდრომ ბავშვობაშივე მიიპყრო მუსიკალური საზოგადოების ყურადღება, როგორც ძალზე ნიჭიერმა ვიოლონჩელისტმა. მოწაფეობის პერიოდში გამოდიოდა, როგორც დამოუკიდებელი სოლო კონცერტებით, ისე სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.
ალექსანდრე ჩიჯავაძემ ქართველ ინსტრუმენტალისტ–შემსრულებელთა შორის პირველმა მიიღო ლაურეატის საპატიო წოდება. როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, მან ორჯერ, 1935 (ლენინგრადი) და 1937 (მოსკოვი) წლებში მოიპოვა გამარჯვება მუსიკოს შემსრულებელთა საკავშირო კონკურსებზე. ასეთი დიდი მიღწევისთვის საქართველოს მთავრობამ ახალგაზრდა მუსიკოსი დაასაჩუქრა ძვირფასი ინსტრუმენტით, იტალიელი ხელოსნის „ბერგონცის“ ჩელოთი.
თბილისის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, 1937 წელს ალექსანდრე ჩიჯავაძე ჩაირიცხა მოსკოვის კონსერვატორიაში, სადაც სწავლობდა 1945 წლამდე (პედაგოგი: ს. კოზოლუპოვი). 1949 წელს კი იქვე დაასრულა ასპირანტურის კურსი.
მეორე მსოფლიო ომის წლებში სანდრო მონაწილეობდა საქართველოს ფილარმონიის საკონცერტო ბრიგადების მუშაობაში, რომლებიც კულტურულ მომსახურებას უწევდნენ ამიერკავკასიის ფრონტის მებრძოლებსა და სამხედრო ჰოსპიტლებს. 1950–1952 წწ. იგი იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი და უკრავდა საფორტეპიანო ტრიოში, მევიოლინე მ. გოლდშტეინთან და პიანისტ ი. კიპერტთან ერთად.
ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, 1952 წლამდე მუშაობდა გნესინის სახელობის მუსიკალურ–პედაგოგიურ ინსტიტუტში თავისი ყოფილი პედაგოგის ს. კოზოლუპოვის ასისტენტად.
ალექსანდრე ჩიჯავაძის ჩელო გამოირჩეოდა გულში ჩამწვდომი ხმით, მეტყველი ჟღერადობით, მასშტაბურობითა და სიღრმით. მის დაკვრას ახასიათებდა ძარღვიანი ვიბრაცია, უაღრესად ზუსტი და წმინდა ინტონაცია, მარჯვენა და მარცხენა ხელის ტოლფასოვანი გამომსახველობა, ხმოვანების ელასტიურობა, რაც უსასრულო მღერადობის შთაბეჭდილებას ახდენდა. მუსიკოსის რეპერტუარში ლირიკული ბუნების ნაწარმოებები ჭარბობდნენ. განსაკუთრებული ადგილი ეთმობოდა ბახის სუიტებს, შოპენის ეტიუდებს, ბრევალის, ვალენტინის, ბეთჰოვენის სონატებს, სენ–სანსის, ჰაიდნისა და ბოკერინის კონცერტებს. შინაგანი წვითა და უზადო არტისტიზმით უკრავდა ჩაიკოვსკის ვალსს, ფორეს „გამოღვიძებას“, რ. ლაღიძის „ელეგიას“, ს. ცინცაძის „საჭიდაოს“ და სხვა.
1952 წელს ალ. ჩიჯავაძე სამშობლოში დაბრუნდა და საქართველოში განაგრძო საკონცერტო–შემოქმედებითი საქმიანობა. პარალელურად ემსახურებოდა ახალგაზრდა ინსტრუმენტალისტების აღზრდის კეთილშობილურ საქმეს ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. მისი მოსწავლეები იყვნენ: თ. გაბარაშვილი, ე. სანაძე, ა. ფინკელზორდი, დ. ნასიძე, ლ. მეგრელიძე და სხვა.
1955 წელს ალექსანდრე ჩიჯავაძეს მიანიჭეს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება. 1964 წელს იგი პროფესორის თანამდებობაზე მიიწვიეს ქ. კაიროს კონსერვატორიაში ეროვნული კადრების მოსამზადებლად. ხელმძღვანელობდა ვიოლონჩელოს კლასს. ეგვიპტეში მან აღზარდა არაბ ვიოლონჩელისტთა პირველი კადრები, რომელთა საკონცერტო გამოსვლებმა კაიროსა და ალექსანდრიაში ადგილობრივი პრესის მაღალი შეფასება დაიმსახურეს.
ალექსანდრე ჩიჯავაძე 7 წლის მანძილზე მოღვაწეობდა ეგვიპტეში. იგი დაიღუპა ავტოავარიაში, 1971 წლის 10 სექტემბერს, რუსეთის ტერიტორიაზე, როდესაც სამშობლოში მოემგზავრებოდა. დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მის პატივსაცემად ქ. კაიროს კონსერვატორიაში გაკრულია მემორიალური დაფა.