თემურ მღებრიშვილი – სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებზე: მაშველების მიერ რამდენიმე ლოკაციაზე, დაახლოებით 200-300 კვ.მ რადიუსში იქნა ნანახი ცხედრები
ამ ეტაპზე, ცოცხალი ძალით ცხედრების გადმოსვენება შეუძლებელია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მოხდა ნაპოვნი ცხედრების ერთ ადგილზე განთავსება.
„იცით თქვენ, რომ დილის საათებში 2 ცხედრის ამოსვენება და შემდეგ უკვე გადასვენება მოხდა ქუთაისის პროზექტურაში. არაერთხელ ითქვა უკვე, რომ სხვადასხვა ლოკაციაზე ერთდროულად მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიებები.
ჩვენი მეხანძრე- მაშველების მიერ რამდენიმე ლოკაციაზე, დაახლოებით 200-300 კვ.მ რადიუსში იქნა ნანახი ცხედრები, იქიდან გამომდინარე, რომ შეუძლებელია ცხედრების საფეხმავლოდ გამოსვენება მოხდა ერთ ლოკაციაზე თავმოყრა. ამ წუთას შეფრინდა ვერტმფრენი, რომელიც მოახდენს ცხედრების გადმოსვენებას პროზექტურის მიმართულებით“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
ინფორმაციისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, თუ როგორ ითხოვენ მოქალაქეები სტიქიის შედეგად დაღუპული მოქალაქეების ცხედრების გადასვენებას.