გეოლოგი: სტიქია სრულად დაკავშირებულია ბუნებრივ ფაქტორებთან და ამ ეტაპზე განმეორების საფრთხე არ არსებობს
გეოლოგმა მერაბ გაფრინდაშვილმა იმ ბუნებრივ მოვლენებზე ისაუბრა, რამაც რაჭაში, შოვში სტიქია გამოიწვია. მისი განცხადებით, სტიქია სრულად დაკავშირებულია ბუნებრივ ფაქტორებთან და ამ ეტაპზე, განმეორების საფრთხე არ არსებობს.
“3 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან, ონის მუნიციპალიტეტში, კერძოდ მდინარე გუბისწყლის ხეობაში, კურორტი შოვის ტერიტორიაზე, ადგილი ჰქონდა გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების სინერგიზმს, თანხვედრას, ერთი და იგივე დროს, ერთი და იმავე ადგილას.
კერძოდ, მიმდინარეობს ინტენსიური მყინვარის დნობა, ორი მყინვარია. ამას თან დაერთო უხვი ატმოსფერული ნალექი, რომელმაც დინამიკაში მოიყვანა როგორც ხეობაში არსებული მყარი ნატანი, ასევე ადგილი ჰქონდა ნაპირების გარეცხვას, ე.წ. სანაპირო ტიპის მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას და ყველაფერი ეს გადაიზარდა ღვარცოფში და შედეგად მივიღეთ ეს.
ასეთი მასშტაბის სტიქიურ მოვლენას დასავლეთ საქართველოში არასდროს ჰქონია ადგილი, თუ არ ჩავთვლით 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას რაჭაში, სადაც იმერეთის მხარეს ერთი სოფელი ჩაიმარხა, სოფელი ხახიეთი. 5 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი მასა მოვიდა დინამიკაში.
სპეციალისტების, გეოლოგების, ჰიდროლოგების 6 ჯგუფია გასული სტიქიის ზონაში. მიმდინარეობს არამარტო ვიზუალური დათვალიერება, არამედ ინსტრუმენტული მონიტორინგი. ჩემი ინფორმაციით, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი მასშტაბის სტიქია მოსალოდნელი არ არის. ამასთან, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სტიქია, რომელიც მოხდა 3 აგვისტოს, სრულად დაკავშირებულია ბუნებრივ ფაქტორებთან. ამ ეტაპზე განმეორების საფრთხე არ არსებობს” – აცხადებს მერაბ გაფრინდაშვილი.