გადატრიალება ნიგერში – მეზობელმა ქვეყნებმა რესპუბლიკის სრული ბლოკადა დააწესეს და ძალის გამოყენებას არ გამორიცხავენ

დასავლეთ აფრიკის ქვეყნების რეგიონალური კავშირი (ECOWAS), რომელიც 15 სახელმწიფოსგან შედგება და ჰყავს საკუთარი შეიარაღებული ძალები (ECOMOG), 26 ივლისს ნიგერში მომხდარი სამხედრო გადატრიალების ლიდერებს ძალის გამოყენებით დაემუქრა, თუ აჯანყებულები ძალაუფლებას ლეგიტიმურ ხელისუფლებას არ დაუბრუნებენ.

ამის შესახებ ბლოკის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც საგანგებო სამიტზე იქნა მიღებული.

დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ლიდერები გმობენ ნიგერში კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობას და პრეზიდენტის, მოჰამედ ბაზუმის, მისი ოჯახის წევრებისა და მთავრობის წევრების უკანონო დაკავებას.

ბლოკის წევრები მოითხოვენ თანამდებობაზე პრეზიდენტის დაუყოვნებლივ აღდგენას და ნიგერის რესპუბლიკაში კონსტიტუციური წესრიგის სრულად აღდგენას.

„პრეზიდენტ ბაზუმის უკანონო დაკავებას მძევლების აყვანად მივიჩნევთ. თუ მოთხოვნები ერთი კვირის განმავლობაში არ დაკმაყოფილდება, ყველა ღონეს ვიხმართ ნიგერის რესპუბლიკაში კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად. ასეთი ზომები შესაძლოა, მოიცავდეს ძალის გამოყენებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სასწრაფოდ მოიწვიონ კონსულტაციაზე ბლოკის ქვეყნების თავდაცვის შტაბების ხელმძღვანელები, ასევე, შემოიღონ მთელი რიგი ზომები – დაიხუროს სახმელეთო და საჰაერო საზღვრები ნიგერთან, ქვეყნის თავზე არასაფრენი ზონა გამოცხადდეს, ყველა კომერციული და ფინანსური ტრანზაქციის შეჩერდეს, ბლოკის ქვეყნების ცენტრალურ ბანკებში ნიგერიის რესპუბლიკის აქტივები გაიყინოს და სხვა.

26 ივლისს სამხედრო ჯგუფმა ნიგერის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და ქვეყნის მთავრობის გადაყენება გამოაცხადა. მოგვიანებით, მეამბოხეთა ლიდერი ტელევიზიით გამოვიდა და თავი ქვეყნის ახალ ლიდერად გამოაცხადა.

სამხედრო ხუნტის ლიდერმა ჩამოგდებული მთავრობა და პრეზიდენტი კორუფციასა და ქვეყანაში წესრიგის დამყარების უუნარობაში დაადანაშაულა, რომლის ტერიტორიის ნაწილს მეამბოხე შეიარაღებული ჯგუფები აკონტროლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები