მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რათა ლაშა ჟღენტის დაკავებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას და საქმეში არსებულ მასალებს არ მიეცეს დამახინჯებული ინტერპრეტირება და არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გაასაჯაროოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ლაშა ჟღენტის დაკავების ამსახველ ვიდეოჩანაწერი,- ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
“კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ამ დროისთვის მოპოვებული მტკიცებულებები, არ იძლევა სამართალდამცავების მხილების და მათი პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველაფერს გააკეთებს ლაშა ჟღენტის უფლებების და ინტერესების დასაცავად, რა მიზნითაც ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო პროცესი, რათა საქმეზე ობიექტური სურათის შექმნით შესაძლებელი გახდეს საბოლოო სამართლიანი და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება. თუკი საქმეზე მოპოვებული იქნება რომელიმე სამართალდამცავის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, უწყება შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს”,- წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ლაშა ჟღენტის დაკავების შესახებ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განცხადება დღეს გაავრცელა . უწყების ინფორმაციით, 2023 წლის 21 ივლისს, ლაშა ჟღენტის დედის, მოქალაქე ხათუნა გამცემლიძის შეტყობინების საფუძველზე, რომელიც პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მისი შვილების მიმართ უკანონო ქმედებების განხორციელებას ეხებოდა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.