საბერძნეთში ტყის ხანძრებთან ბრძოლა გრძელდებ, თუმცა, გუშინ არსებულ სამ კერას კიდევ ერთი, კუნძულ როდოსზე არსებული დაემატა.
ამის შესახებ Kathimerini წერს.
ხანძრებთან ბრძოლაში ჩართულია 12 სპეციალური თვითმფრინავი და 14 სახანძრო ვერტმფრენი.
ყველაზე რთული ვითარებაა ისევ დერვენოხორიას მიდამოში, რომელიც არის ძნელად მისადგომი ფართობი, ხანძარი მუდმივად იცვლის მოძრაობის მიმართულებას, ამიტომ, ჩამქრალ კერებში ცეცხლი ისევ ჩნდება.
ხალხია ევაკუირებული ახლოს მდებარე ტერიტორიებიდან, დამწვარია სახლები.
როდოსზე ხანძარი ძნელად მისადგომ ტყიან ადგილას გაჩნდა, თუმცა, ქარის ინტენსივობამ იკლო, რაც ქრობის პროცესს უწყობს ხელს. ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში ათობით ადამიანია ჩართული, როგორც მეხანძრეები, ისე – მოხალისეები.
ლუტრაკის მახლობლად მეხანძრეებმა ხანძრის შეკავება მნიშვნელოვან ავტომაგისტრალთან შეძლეს, თუმცა, დამწვარია რამდენიმე სახლი.