“რამდენი მილიონი შეჭამეს „ნაციონალებმა“ თბილისის განვითარების ფონდიდან”

7 აგვისტოს თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარედ თემურ ხომერიკი დაინიშნა. თემურ ხომერიკი დავით ნარმანიას გუნდის წევრია და ამას არც მალავს. ინფრასტრუქტურის მინისტრად მუშაობის დროს, თბილისის ამჟამინდელ მერს, მრჩევლად სწორედ ხომერიკი ჰყავდა. თუ რა მდგომარეობა დახვდა მას თბილისის განვითარების ფონდში, ამის შესახებ ხომერიკი გაზეთ “ახალ თაობასთან“ საუბრობს.

-წინა ხელისუფლების პირობებში, თბილისის განვითარების ფონდთან კითხვები დედაქალაქის მოსახლეობას მრავლად ჰქონდა. მხოლოდ დედაქალაქს ვინ ჩივის, საზოგადოებას ისიც აინტერესებდა, რატომ მუშაობდნენ ამ ფონდში მაშინდელი მმართველი გუნდის ცნობადი სახეები და რატომ იღებდნენ არაადეკვატურ ხელფასებს…

-ბატონო თემურ, რა მდგომარეობაა თბილისის განვითარების ფონდში?

აღარც კი ვიცი, საიდან დავიწყო. იქიდან, რომ ბიუჯეტი 200 ლარი დამხვდა და ამ დროს 17 მილიონის ვალდებულება გვაქვს აღებული, თუ იქიდან, რომ გაკოტრებულ კომპანია “ცენტრ პოინტს” როგორ ასესხა თბილისის განვითარების ფონდმა 11 მილიონი და ეს ვალი 15 მილიონზეა ასული და დამბრუნებელი არავინაა. მარტივ მაგალითს გეტყვით – ერთ–ერთ სოლიდურ კომპანიას ორი წლის წინ გადაურიცხეს ორ მილიონამდე თანხა და ავეჯის შეძენა დაავალეს. ამ კომპანიამ ახლა მოიტანა ავეჯი, ელოდება ახლა როდის დადებს და არის მშვიდად, იმიტომ, რომ არავინ არაფერს სთხოვდა. რიყის თემა აიღეთ. 60 მილიონი გამოუყვეს ამ პროექტებისთვის იტალიელ არქიტექტორს და არავინ დაინტერესდა რაში. ანუ ის კაცი ამბობდა მინდაო და აძლევდნენ. ის წაქცეული დოქები თუ რაღაც დარბაზი რომ არის, სიმახინჯე… თან იმ დოქების ირგვლივ, ერთ–ერთი პოლიტ–ავანგარდისტის ფირმა ეგზოტიკურ ხეებს რგავს თურმე. 2009 წლიდან რგავს ამ ხეებს და ამაშ 6 მილიონია გადახდილი და რაც მთავარია წინსწრებით. ახლა ჩვენ იმ სიმახინჯის დემონტაჟი რომ დაგვჭირდეს, უნდა გადავუაროთ ამ 6–მილიონიან ხეებს, მაგრამ ჯერ ეს ხეებიც არ ჩანს, ფირმას ფული აქვს აღებული და გააკეთებს ალბათ ოდესმე. ასეთ იყო მიდგომა.

-და პასუხს არავინ სთხოვდა?

რა პასუხის მოთხოვნაზეა საუბარი, როცა თანამშრომლების უმრავლესობა, ე.წ. ცნობადი სახეები სამსახურებში უბრალოდ არ დადიოდნენ. 66 საშტატო ერთეული დამხვდა და პლუს ამას, 6 კაცი კონრტაქტით ჰყავდათ აყვანილი. აუდიტის დეპარტამენტში მუშაობდნენ ეკა ხერხეულიძე და ჯარჯი დოლიძე და რა აუდიტს ჩაატარებდნენ, ხვდებით. კონსულტანტად იყო გაფორმებული გუნავა… იგივე ავალიანი, რომელიც გადმობარგდა აქ. იოსელიანი, რომელიც ახლა საქართველოში აქ არის და ამ ხალხს ახლა დავდევთ და ვეუბნებით, რომ სამსახურებზე რიცხული ტელეფონები მაინც დააბრუნონ და ამის შესახებ სამართალდამცავებსაც მივწერეთ. მაგალითად, ოფისის მენეჯერს ჰქონდა ჩინური მასაჟის კურსები გავლილი და მუშაობდა აქ და იღებდა 2500 ლარს და ამდენივე პრემიას. ახლა როცა ეს ხალხი გავუშვით სამსახურებიდან, უკმაყოფილოები არიან. ხელფას–პრემიების გარდა იღებდნენ ბენზინების ტალონებს. ტონობით ბინზინის ვალი გვაქვს სხვადასხვა კომპანიების მიმართ. არ ვიცით რა ხდება საწყობებში, სად რა დევს, ვერავინ არკვევს. არ არსებობდა ელემენტარული შინაგანაწესი. ამ 72 თანამშრომლიდან 29 ადამიანი გათავისუფლდა და აქედან 14 საკუთარი სურვილით. ამ თანამშრომლებიდან უმრავლესობას ჰქონდა 4–5 ათასი ხელფასი და პლუს ამას პრემიები და დანამატები. იყო შემთხვევები, როცა მაგალითად ფონდის თავმჯდომარე იოსელიანი თვეშ 20 ათასზე მეტსაც იღებდა.

-როგორც ვიცით, შვებულებებთან დაკავშირებით შეგექმნათ საინტერესო სიტუაცია…

გავოგნდი. ვიცოდი, რომ ადამიანები იყვნენ შვებულებაში და როცა მოვითხოვე, დაურეკეთ და გამოვიდნენ თქო, აღმოჩნდა, რომ საზღვარგარეთ არიან და იქიდან გასულან შვებულებაში. ამის შემდეგ, იმ იურისტმა, რომელიც აქ დამხვდა, მითხრა, რომ თურმე მე რომ მოვითხოვე ამ ხალხის შვებულებიდან გამოსვლა, ამით ვაღიარე, რომ ისინი ოფიციალურად იყვნენ შვებულებაში. ფაქსით გამოშვებული განცხადებები დამახვედრეს და ამის გამო ვუშვებდი სამსახურიდან. იყვნენ თანამშრომლები, რომლებსაც სახეზე არავინ იცნობდა, არცერთხელ არ ყოფილან სამსახურში. ახლარომ გამოვიდა ყველა, აღმოჩნდა, რომ უბრალოდ ვერ ვეტევით, ანუ გათვლილი იყო 30 კაცზე და რეალურად ხელფასს იღებდა 72 ადამიანი. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზონდერგუნდები რომ არსებობს, ისეთი ადამიანებისგან დაკომპლექტებული სტრუქტურა იყო. რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება. აქ დამხვდნენ ადამიანები, რომლებიც მართა მუშაობდნენ. მოვაწესრიგეთ პირადი საქმეები, რომლებიც პრაქტიკულად არ არსებობდა.

-ახლა რას აპირებთ?

მოსახლეობასთან ერთად ვაპირებთ მუშაობას. ელემენტარულად, ცხელი ხაზი არ არსებობდა, რომელსაც გავაკეთებთ. მოსახლეობა არ მოდიოდა ფონდში და არ საუბრობდა პრობლემებზე და ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვექნება. შევეცდებით წესიერად ვაკეთოთ საქმე. იმის გამო, რომ ბიუჯეტი განულებულია და არც არაფერი გაგვიკეთებია ჯერ, პრემიებს არ დავიწერთ და ხელფასებსაც გადავხედავთ. მე ვიცი, რას ნიშნავს ადეკვატური ხელფასი და ეს არ უნდა იყოს ასტრონომიული თანხა. ძველი და ახალი შენობების სინთეზს ვაპირებთ. ქალაქმა არ უნდა დაკარგოს ისტორიული სახე და ახალი შენობებიც კარგად უნდა მოერგოს სიტუაციას. შევეცდებით ფონდმა აღებული ვალდებულებები შეასრულოს, მაგრამ არა ისე, როგორც ადრე იყო და სამმაგს იხდიდა. ჩვენ ყველაფერს გადავხედავთ და არამარტო ქალაქის მთავრობასთან ერთად, არამედ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად, არასამთავრობოებთან ერთად, ვისაც გული შესტკივა ქალაქზე, ყველას მოვუსმენთ და ყველას საღ აზრს გავითვალისწინებთ.

წყარო: ახალი თაობა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები