საფრანგეთში არეულობა, რომელიც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებაშია გადაზრდილი, გრძელდება.
როგორც ცოტა ხნის წინ “ტვიტერში” ქვეყნის შს მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა დაწერა, გასული ღამის განმავლობაში ძალოვანებმა 667 პირი დააკავეს.
ძალადობა და აგრესია საფრანგეთის რამდენიმე ქალაქშია გავრცელებული, მათ შორის, ბელგიაში, სადაც 15 პირი დააკავეს.
დაძაბული იყო ღამით ვითარება ნანტერშიც.
აქციის მონაწილეებმა ბანკ Crédit Mutuel-ის პირველ სართულს წაუკიდეს ცეცხლი, ადგილზე მისულები იყვნენ მეხანძრეები, რომლებიც იმ ადამიანების გადარჩენას ცდილობდნენ, რომლებიც შენობის ზედა სართულებზე ცხოვრობენ.
BBC-ის ცნობით, ტულუზაში რამდენიმე მაღალსართულიანი კორპუსის პირველ სართულებს წაუკიდეს ცეცხლი.
სამი ადამიანია დაკავებული მარსელში.
გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს ცეცხლმოკიდებული ნაგვის ურნები, პოლიცია მათ დასაშლელად ცრემლსადენ გაზს იყენებდა.
Le Monde წერს, რომ ერთი პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელიც ნასროლი შაშხანისგან დაშავდა.
არეულობას თან ახლდა მაღაზიების მასობრივი ძარცვა.
პარიზის ცენტრში მეამბოხეები რივოლის ქუჩაზე მაღაზიის ვიტრინებს არბევდნენ, ასევე, კადრებში ჩანს, როგორ შეიჭრნენ Zara-ს მაღაზიაში და თავს დაესხნენ პარიზში Nike-ის მაღაზიას, ხალხმა ფანჯრები ჩაამტვრია და მაღაზია გაძარცვა.