თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელს, სერგო შუბითიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნანა შამათავამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
მოსამართლემ პატიმრობის გამოყენების თაობაზე, ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ მიმალვას არ აპირებს. ამასთან, ის ბრალს აღიარებს.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა სერგო შუბითიძე ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით გუშინ დააკავეს.
2 თვის წინ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში შუბითიძემ განაცხადა, რომ სამი წლის წინანდელი საქმე ბაჩალიაშვილის შესახებ გაყალბებულია. ამ განცხადებიდან მალევე პროკურატურამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით გამოძიება დაიწყო.
დეტალების ხელახლა შესწავლის შემდეგ საგამოძიებო უწყებამ დაადგინა, რომ შუბითიძის ჩვენება არაერთ ტყუილს შეიცავდა და მისი მიზანი ბაჩალიაშვილის ოჯახის, საზოგადოებისა და მართლმსაჯულების შეცდომაში შეყვანა იყო.