პროკურორ მარიამ მეშველიანის განცხადებით, გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ დაადასტურა, რომ გამოძიებას და სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა.
“მან დაადასტურა, რომ გამოძიებას და სასამართლოს მისცა ცრუ ჩვენება. შესაბამისად, მას ბრალდება მოწმის მიერ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ცრუ ჩვენების მიცემა. საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ თითოეული ის ინფორმაცია, რაც სერგო შუბითიძემ განაცხადა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას იყო სიცრუე და არ შეესაბამებოდა რეალობას. აღკვეთის ღონისძიებაზე, როგორც ბრალდებულმა განმარტა, მან თქვა რომ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის სასამართლოს. დღეს, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, ვინაიდან არსებობს პატიმრობის გამოყენების, როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები”, – განაცხადა პროკურორმა.
2 თვის წინ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში შუბითიძემ განაცხადა, რომ სამი წლის წინანდელი საქმე ბაჩალიაშვილის შესახებ გაყალბებულია. ამ განცხადებიდან მალევე პროკურატურამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით გამოძიება დაიწყო.
დეტალების ხელახლა შესწავლის შემდეგ საგამოძიებო უწყებამ დაადგინა, რომ შუბითიძის ჩვენება არაერთ ტყუილს შეიცავდა და მისი მიზანი ბაჩალიაშვილის ოჯახის, საზოგადოებისა და მართლმსაჯულების შეცდომაში შეყვანა იყო.