რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ რუსეთის გადარჩენისთვის ბრძოლას აწარმოებს და რომ ქვეყანაში აჯანყებას გეგმავენ.
„მივმართავ მათ, ვინც მოტყუებით ან მუქარით ჩაერთო კრიმინალურ ავანტიურაში და შეიარაღებული აჯანყების მძიმე დანაშაულის გზაზე დადგა, ეს არის ქვეყნისა და ხალხის ზურგში დანის დარტყმა. სწორედ, ასეთი დარტყმა მიაყენეს რუსეთს 1917 წელს, როდესაც ქვეყანა აწარმოებდა პირველ მსოფლიო ომს, მაგრამ გამარჯვება მას მოჰპარეს. ინტრიგები, ჩხუბი, ჯარის ნგრევა და სახელმწიფოს ნგრევა, უზარმაზარი ტერიტორიების დაკარგვა – ყველაფერი უდიდეს შოკში გადაიზარდა. საბოლოო ჯამში – მივიღეთ სამოქალაქო ომის ტრაგედია … ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს განმეორდეს. ჩვენ დავიცავთ როგორც ჩვენს ხალხს, ასევე ჩვენს სახელმწიფოებრიობას ყოველგვარი საფრთხისგან, მათ შორის, შიდა ღალატისგან. ის რის წინაშეც ახლა ჩვენ ვდგავართ არის ღალატი. გადაჭარბებულმა ამბიციებმა და პირადმა ინტერესებმა გამოიწვია ცვლილება“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა ვიდეომიმართვაში.