უბედური შემთხვევა ბაკურიანში – შვილების თვალწინ ქალი მოულოდნელად გარდაიცვალა
უბედური შემთხვევა ბაკურიანში. სასტუმრო „ვილა პარკის“ საცურაო აუზში – თბილისიდან ჩასული დამსვენებელი სამი შვილის დედა მოულოდნელად გარდაიცვალა. ანა ელიაშვილ – გოგიბერიძეს დღეს დაკრძალავენ.
როგორც „კვირას“ სასტუმრო „ვილა პარკის“ დირექტორმა თამარ ნიკურაძემ განუცხადა, შემთხვევა 28 აგვისტოს, საღამოს 7 საათზე მოხდა.
„28 აგვისტოს, საღამოს ქალბატონი საცურაო აუზში შვილებთან ერთად ცურავდა, მასთან ერთად სასტუმროს სხვა დამსვენებლებიც იმყოფებოდნენ, მოულოდნელად ქალბატონი შეუძლოდ გახდა და სასწრაფოც გამოვიძახეთ. სასწრაფო რომ მოვიდა, ქალბატონი გულწასული იყო და უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა“, – აღნიშნა სასტუმროს დირექტორმა.
მისი თქმით, ანა ელიაშვილ-გოგიბერიძის გარდაცვალება, სავარაუდოდ, გულის შეტევამ გამოიწვია.
ფაქტთან დაკავშირებით გარდაცვლილის ოჯახის წევრები განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სამი შვილის დედის გარდაცვალება საცურაო აუზში ელექტროსადენების არასწორმა მონტაჟმა გამოიწვია.
კერძოდ, როგორც ამბობენ, ანა გოგიბერიძე აუზში დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
„კვირა“ ბაკურიანში სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრს დაუკავშირდა, თუმცა, მათ კომენტარისგან თავი შეიკავეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ექსპერტიზის დასკვნა მოგვიანებით გახდება ცნობილი. „კვირა“ ანა ელიაშვილ-გოგიბერიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მუშაობას აგრძელებს და დამატებით ინფორმაციას უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.