ავტოსაგზაო შემთხვევა რუისთან – დაშავებულია ოთხი მგზავრი, მათ შორის მცირეწლოვანი გოგონა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ავტომაგისტრალზე, სოფელ რუისთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს “ჰიუნდაის“, “ბე-ემ-ვესა“ და “ოპელის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. როგორც “კვირას“ შიდა ქართლის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების სამსახურის უფროსმა მიხეილ საზანდრიშვილმა განუცხადა, ავარიის შედეგად „ოპელში“ მჯდომმა ოთხივე მგზავრმა, მათ შორის მცირეწლოვანმა გოგონამ დაზიანებები მიიღო. მისი ინფორმაციით, ყველაზე მეტად სწორედ მცირეწლოვანი დაშავდა. საზანდრიშვილის თქმით, დაშავებულები ქარელის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“სოფელ რუისთან “ჰიუნდაის“ მარკის ჯიპი საპირისპიროდ მოძრავ “ოპელისა“ და “ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომობილებს შეეჯახა, დაშავებულები არიან “ოპელის“ მგზავრები, ისინი ქარელის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ყველაზე რთული მცირეწლოვანი გოგონას მდგომარეობაა, რომელმაც ტრავმები თავის არეში მიიღო“, – განუცხადა “კვირას“ მიხეილ საზანდრიშვილმა.