ნინო ბურჯანაძე ამერიკასა და ევროპაში მიემგზავრება
ნინო ბურჯანაძე სექტემბერში ამერიკასა და ევროპაში მიემგზავრება – ამის შესახებ პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს. მისი თქმით, ნინო ბურჯანაძე ამერიკისა და ევროპის პოლიტიკოსებს და ბიზნესელიტასთან შეხვედრებს გეგმავს.
„სექტემბერ-ოქტომბერში ჩატარდება პარტიის ყრილობა, რომელიც მოიტანს გარკვეულ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს! ქალბატონი ნინო ბურჯანაძე გაემგზავრება ამერიკასა და ევროპაში იქაურ პოლიტიკურ თუ ბიზნესელიტასთან შესახვედრად! „ნაციონალები“ ყველაფერს აკეთებდნენ და დღესაც აკეთებენ საამისოდ, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა ანტიდასავლურად წარმოაჩინონ, მაგრამ ეს მცდელობა ამაოა! ჩვენ არ ვართ ანტიდასავლური ან პრორუსული ძალა, რადგან კარგად გვესმის დასავლეთთან ინტეგრაციის მნიშვნელობა! უბრალოდ, ჩვენ ერთი რამ ვიცით: ზოგიერთი ევროპელი თუ ამერიკელი პოლიტიკოსის მითითებები არ უნდა ვაქციოთ სახელმწიფო პოლიტიკად! სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავს ქართველი ხალხი და მისი ეროვნული ინტერესები“! – აცხადებს გიგლა ბარამიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.