“ამბავს ძალიან განვიცდი” – რას ამბობს “რეტროს” მფლობელი, რომელსაც სასამართლომ 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ რესტორან „რეტროს“ მფლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

თეიმურაზ ვარშანიძე საპატიმროს გირაოს გადახდისთანავე დატოვებს. მას განხილვის დასრულებამდე აეკრძალა დაზარალებულებთან კომუნიკაცია.

ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ხელით არავის შეხებია.

„მინდა, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, ამბავს ძალიან განვიცდი, არავისზე ხელი არ დამირტყამს, არავის ხელით არ შევხებივარ. ჩემს ხელში გაზრდილ ბავშვებს გვერდში ვედექი, როგორც ჩემს შვილებს. როცა შევამჩნიე, რომ უკმაყოფილოებ იყვნენ, გამიკვირდა, ვთხოვე, გასულიყვნენ გარეთ. აღელვების ნიადაგზე შევეცადე, გარეთ გამეყვანა. პირველად აღმოვჩნდი ასეთ სიტუაციაში. თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას“, – განაცხადა სასამართლო პროცესზე თეიმურაზ ვარშანიძემ.

ცნობისთვის, “რეტროს” მფლობელი, თეიმურაზ ვარშანიძე ძალადობის ბრალდებით გუშინ დააკავეს. დაკავება სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე მოხდა, რომელშიც ჩანს რესტორნის მფლობელის მხრიდან თანამშრომლის მიმართ ფიზიკური ძალადობა.

ამასთან, რესტორანში შრომითი ინსპექციაც შევიდა, 30 000 ლარით დააჯარიმეს და დახურეს. ამჟამად, მისი მუშაობა შეჩერებულია. მომხდარი ფაქტის შემდეგ „რეტრო“ 15-მა თანამშრომელმა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები