საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფო ბიუჯეტის ქონებრივი დაზიანების ფაქტზე ხუთი პირი პასუხისგებაში მისცა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, მოტყუებით, სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ხუთი პირი პასუხისგებაში მისცეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, წინასწარი შეთანხმებით, ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები თითქოსდა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულების თაობაზე, რა გზითაც შეიქმნეს დღგ-ს ყალბი აქტივი, რომელიც შემდგომ გამოიყენეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად.
„დადგინდა, რომ ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა ჯამში 83 981 ლარის ოდენობის ზიანი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210- ე და 185-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით“, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.