გიორგი გობრონიძე: რუსეთი ცდილობს, ნებისმიერი მეთოდით შეაჩეროს ნატოში იმ ქვეყნის ინტეგრაცია, რომელთა სახელმწიფოებრიობის გაქრობისკენაც ისწრაფვის

“საუკუნოვანი პრაქტიკა გვაქვს იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რუსეთის ნდობა არ შეიძლება. როდესაც ოთხი საუკუნის განმავლობაში გატყუებენ და შენ მაინც გჯერა, ორ რამესთან გაქვს საქმე – ან ანალიტიკური უნარი და გონებრივი შესაძლებლობები არ გყოფნის, რომ ამა თუ იმ ერის ხასიათი, ბუნება და სტრატეგია დაინახო, ან ისეთი გამოუსწორებელი ოპტიმისტი ხარ, რომ ფსიქიატრის დახმარებას საჭიროებ, იმიტომ, რომ მოძალადეზე ხარ შეყვარებული”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გიორგი გობრონიძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, რუსეთთან თანამშრომლობა მაშინაც კი არ შეიძლება, როდესაც გამოუვალ მდგომარეობაში ხარ.

“პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება, რომ უკრაინა დაისაჯა ნატოში გაწევრების სურვილის გამო, სიმართლის მარცვალს შეიცავს. უკრაინაში რუსეთის შეჭრას ჰქონდა არაერთი მიზეზი და ნატოსკენ სწრაფვა ერთ-ერთი იყო. რუსეთი საფრთხედ მიიჩნევს დასავლური ინსტიტუციებისა და კოალიციების გამოჩენას ე.წ. ახლო საზღვარგარეთში, რომელსაც საკუთარი გავლენის ექსკლუზიურ ზონად მიიჩნევს. რომ გავიგოთ, რა არის ჩვენთვის მთავარი საფრთხე, ჯერ უნდა გავარკვიოთ, როგორ აღიქვამს რუსეთი საქართველოს. რუსული პოლიტიკისა და ანალიზის შეფასებისას ჩვენ ერთ მნიშვნელოვან შეცდომას ვუშვებთ – გვგონია, რუსეთი სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ განგვიხილავს. რუსეთის პრეზიდენტი საბჭოთა კავშირის დაშლას მეოცე საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფად მიიჩნევს… რუსები საქართველოს, ისევე როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებს, ტერიტორიულ დანაკარგად მიიჩნევენ. პუტინის უკრაინაში შეჭრა ზუსტად ტერიტორიული დანაკარგის დაბრუნების პირველი ცდაა.

ახლა შევაფასოთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა. თუ გავითვალისწინებთ რუსეთის ნაციონალურ ინტერესს – დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას და საქართველოს ეროვნულ ინტერესს – დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობას, შევძლებთ იმის განსაზღვრას, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის კონფრონტაცია ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე გარდაუვალია. ე.ი. ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი კი არა, ჩვენი ეროვნული მიზანი, ნაციონალური ამოცანა მოდის კოლიზიაში რუსულ ნაციონალურ ამოცანასთან. როდესაც ორი ნაციონალური მისიის და იდეის კოლიზიაა, მნიშვნელობა აღარ აქვს, რომელ საინტეგრაციო პროექტს დავუჭერთ მხარს, კონფრონტაცია გარდაუვალია! მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჩვენ შეგვეძლო რუსული აგრესიის არიდება ისტორიის რომელიმე ეტაპზე, ჩანასახშივე მცდარია. ისტორიული კანონზომიერება არ იძლევა ამის საშუალებას. ერთადერთი, რაც შეიძლება მომხდარიყო, იყო კონფლიქტის გადავადება. თუმცა, ადრე თუ გვიან, რუსეთი მაინც შეეცდებოდა საუკეთესო შემთხვევაში ქართული სახელმწიფოებრიობის დასუსტებას, ფორმალიზაციას, უარეს შემთხვევაში კი სრულ აბსორბციას. პრობლემა ის კი არ არის, რომ ჩვენ ნატოში ან ევროკავშირში გვსურს გაწევრება, პრობლემაა, რომ რუსეთს არ უნდა ჩვენი ხილვა საერთაშორისო თანამეგობრობის სრულუფლებიან და დამოუკიდებელ წევრად. არის კიდევ ერთი საკითხი – როდესაც ლაპარაკია, რომ საქართველოს ან უკრაინის ნატოში მიღება შეიცავს საფრთხეს, მიჩნდება კითხვა, რატომ გაუჩნდათ ჩვენს ქვეყნებს ნატოში გაწევრების სურვილი, დროშა მოეწონათ?! მე მგონია, რუსეთიდან მომდინარე საფრთხე გაცილებით დიდია, ვიდრე ნატოში გაწევრების რისკი. თქვენ გახსოვთ ერთი მაგალითი მაინც, როდესაც რუსეთი თავს დაესხა ნატოს წევრ რომელიმე ქვეყანას, გნებავთ “ცივი ომის” დროს ან მას შემდეგ?! შესაბამისად, ამ ეტაპზე მხოლოდ ნატოს კოლექტიური მექანიზმი იძლევა სამხედრო დაცულობის გარანტიას.
მეორე მხრივ, რუსეთი ცდილობს ნებისმიერი მეთოდით შეაჩეროს ნატოში იმ ქვეყნის ინტეგრაცია, რომლის სახელმწიფოებრიობის გაქრობისკენაც ისწრაფვის. რუსეთს რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და დამოუკიდებლობის ნიველირება არ ჰქონდეს მიზნად, პრობლემად არ მიიჩნევდა ნატოში ჩვენს გაწევრებას. ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის მეზობლებთან პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობისკენ, პრობლემად არ მიიჩნევს მეზობლების საგარეო პოლიტიკურ არჩევანს. რუსი ლიდერები ამბობენ, ნატო რუსეთის გასანადგურებლად შეიქმნაო, მაგრამ ყველამ იცის, რომ 2022 წლამდე ამ ორგანიზაციაში დებატები მიმდინარეობდა იმის შესახებ, თუ რა უნდა ყოფილიყო კოალიციის მთავარი ფუნქცია. ნატოს წევრი გერმანია რუსეთის ენერგორესურსების პირველი მომხმარებელი იყო, პარტნიორულ ურთიერთობებზე მეტი რამ აკავშირებდათ, ბოლოს და ბოლოს, გერმანიის ყოფილი კანცლერი “გაზპრომში” მუშაობდა. რომელ საფრთხეზე იყო ლაპარაკი? მხოლოდ უკრაინაში რუსულმა აგრესიამ აქცია ნატო ანტირუსულ ორგანიზაციად. პუტინმა განაცხადა, რომ ის ნატოს შეასუსტებდა აღმოსავლეთ ფლანგზე, მაგრამ პასუხად მიიღო 120 გემი შავ და ხმელთაშუა ზღვაზე, ნატოს გაზრდილი კონტინგენტი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში და ათასკილომეტრიანი საზღვარი ნატოსთან. პუტინმა თავისი პოლიტიკით ნატო ისეთ ძლიერ ორგანიზაციად გადააქცია, როგორიც არასდროს ყოფილა.

საქართველოს ხელისუფლებამ პირველ რიგში უნდა აღიაროს, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა საფრთხის წინაშეა და ეს საფრთხე არის სახელმწიფო, რომელიც ჩვენ ტერიტორიულ დანაკარგად განგვიხილავს. ნუ გვექნება ილუზია, რომ რუსეთს მოფერებით და დაყვავებით აფხაზეთსა და ცხინვალს დავათმობინებთ ან ჩვენი სახელმწიფოებრიობის მოსპობაზე ვათქმევინებთ უარს. ქართულ-რუსული ურთიერთობა, დაწყებული დავით აღმაშენებლითა და ვლადიმირ მონომახით და დამთავრებული ერეკლე მეორით, აგებულია ღალატსა და გაიძვერობაზე. საქართველომ ისტორიის რომელ ეტაპზეც არ სთხოვა დახმარება რუსეთს, ყოველთვის მოატყუეს. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ვერ იპოვით ერთ ხელშეკრულებას, ვალდებულებას, დათქმას, რომელიც რუსეთმა პატიოსნად შეასრულა! საუკუნოვანი პრაქტიკა გვაქვს იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რუსეთის ნდობა არ შეიძლება. როდესაც ოთხი საუკუნის განმავლობაში გატყუებენ და შენ მაინც გჯერა, ორ რამესთან გაქვს საქმე – ან ანალიტიკური უნარი და გონებრივი შესაძლებლობები არ გყოფნის, რომ ამა თუ იმ ერის ხასიათი, ბუნება და სტრატეგია დაინახო, ან ისეთი გამოუსწორებელი ოპტიმისტი ხარ, რომ ფსიქიატრის დახმარებას საჭიროებ, იმიტომ, რომ მოძალადეზე ხარ შეყვარებული. არ დავკონკრეტდები “ქართულ ოცნებაზე”, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა ხელისუფლებას ეს პრობლემა სჭირდა. ზვიად გამსახურდიას, სამწუხაროდ, არ ჰქონდა იმდენი დრო, რომ ქვეყანა ემართა, და ჩვენ მისი პოლიტიკის შეფასების შესაძლებლობა მოგვცემოდა. შევარდნაძის ხელისუფლებიდან მოყოლებული, პრაქტიკულად რუსეთის სატელიტური ქვეყანა ვიყავით. 1992 წლიდან რა ხელშეკრულებაც დაგვიდო მოსკოვმა, ყველაფერს უპირობოდ მოვაწერეთ ხელი: დაგომისის ხელშეკრულებას, დსთ-ში შესვლას, რუსი სამშვიდობოების შეყვანას აფხაზეთსა და ცხინვალში თუ სხვას. ბოლოს და ბოლოს თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, ბათუმში, გუდაუთაში, ახალქალაქში იყო სამხედრო ბაზები. მინისტრები ინიშნებოდნენ მოსკოვის რეკომენდაციებით… რა მივიღეთ?! შევარდნაძემ რუსეთის ერთგულების საფასურად რამდენჯერმე მიიღო ტერორისტული თავდასხმა და ძლივს გადაურჩა სიკვდილს – საქმეც ის არის, რომ რუსეთთან თანამშრომლობა მაშინაც კი არ შეიძლება, როდესაც გამოუვალ მდგომარეობაში ხარ. სააკაშვილის ადმინისტრაცია ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში აქტიურად ცდილობდა რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას. სააკაშვილის პირველი საერთაშორისო ვიზიტი მოსკოვში იყო. საქართველოდან ჯარების გაყვანის სანაცვლოდ ბათუმში კონტრტერორისტული ცენტრის გახსნას დათანხმდა. სხვათა შორის, მას “ვარდების რევოლუციის” დროს აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. მაგრამ ორივე პრეზიდენტის მმართველობის დროს მოსკოვიდან მაშინვე პრობლემები წამოვიდა, როგორც კი საქართველომ სახელმწიფოებრივი ინტერესების გატარება მოისურვა: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იყო, ეკონომიკის დივერსიფიცირება თუ საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება. “ქართული ოცნების” ლიდერებსაც დროდადრო უჩნდებათ განცდა, რომ შეიძლება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობით გავიდეთ ფონს. გამორიცხულია!

ამ რისკიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს სახელმწიფოს არ იცავს ძლიერი არმია, არა გვაქვს შესაბამისი შეიარაღება, ჩვენ უნდა მოვახერხოთ პოლიტიკური კონსოლიდაცია მთავარი იდეის გარშემო. მხოლოდ ამის შემდეგ არის მნიშვნელოვანი სამხედრო და უსაფრთხოების კომპონენტი. ძალიან ცუდია, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არა გვაქვს საზოგადოებრივი კონსენსუსი იმის თაობაზე, არის თუ არა საფრთხე რუსეთი! ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ საფრთხეზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ, პირიქით, კარგად უნდა განვსაზღვროთ, რა არის მთავარი საფრთხე და მხოლოდ ამის შემდეგ განვსაზღვროთ უსაფრთხოების პოლიტიკა. თუ ასე არ მოვიქცევით, მაშინ ავდგეთ და პირდაპირ ჩავბარდეთ რუსეთს!”, – განაცხადა გობრონიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები